ფუტსალი

 2019/30/01 22:34

ფუტსალი
საქართველომ გერმანია გაანადგურა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გერმანია 5:1 გაანადგურა. შეხვედრა საქართველოს ნაკრების უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და რომ არა გერმანელთა მეკარის, ფილიპ ლესის საოცრად დამაჯერებელი თამაში, უფრო დიდი ანგარიშიც დაფიქსირდებოდა. 

საქართველოს ნაკრებს სწრაფ გოლზე ჰქონდა აქცენტი გაკეთებული და თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ  დღევანდელ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი გერმანელებმა შექმნეს. მიხალ მეიერი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ საქართველოს ნაკრები ზვიად კუპატაძემ გადაარჩინა. 

საქართველოს ნაკრებმა მაინც გაიტანა. სიმი საიოტის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი რონინიომ ზუსტად შეასრულა. 

არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ნაკრებს სტანდარტული სიტუაციები იდეალურად აქვს დამუშავებული. სიმი საიოტის პასი და არჩილ სებისკვერაძის დარტყმა, რიკოშეტის შემდეგ, ბურთი გერმანელთა კარის ბადეშია – 2:0.

ტაიმის მიწურულს კი, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა, სიმი საიოტიმ, საკუთარი ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა –3:0.

მეორე ნახევარი პირველის მსგავსად, მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ  ინიციატივა არ დაგვითმია. არჩილ სებისკვარაძემ შორეული მანძილიდან გაისროლა და მეკარისგან ახლო ცხრიანში ულამაზესი გოლი გაიტანა.

რამდენიმე წუთში კი, სიმი საიოტიმ დუბლი შეასრულა. 

გერმანელებმა მხოლოდ ერთი პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს, რომელიც ჰაკან ერდემის ანგარიშზეა. 

საბოლოოდ, 5:1 და საქართველოს ნაკრები პირველი ტურის შემდეგ, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ჯგუფის მეორე შეხვედრაში დანია და ისლანდია ფრეს დასჯერდნენ. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები