ლეგიონერები

 2019/02/08 04:17

ლეგიონერები
რვა ქართველი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მესამე რაუნდის საგზური რვა ლეგიონერმა მოიპოვა. რამდენიმე მათგანის გუნდმა კი, ბარიერი ვერ დაძლია. მათ შორის, დავით ვოლკოვისა და მერაბ გიგაურის გაბალამაც, რომელმაც თბილისის დინამოსთან, ორი მატჩის ჯამში, 0:5 წააგო.

ოთარ კიტეიშვილის შტურმი წარმატებასთან ახლოს იყო. ავსტრიელებმა ჰოგესუნდთან სტუმრად 0:2 წააგეს და შინ ამავე ანგარიშით იგებდნენ, მაგრამ 68-ე წუთზე გაუშვეს და შეხვედრა ვეღარ შემოატრიალეს. ჩვენებურმა სრულად ითამაშა. ასეთივე ჩამორჩენის აღმოფხვრა სჭირდებოდა ლაშა პარუნაშვილის ესბიერგს. შახტიორ სოლიგორსკისთან სტუმრად მარცხის შემდეგ, შინ უგოლო ფრე ითამაშეს. ლაშამაც შეუცვლელად ითამაშა.

გია გრიგალავას არსენალი ორრაუნდიან ბრძოლაში ბაქოს ნეფტჩისთან უშანსოდ (0:4) დამარცხდა. რუსეთში აზერბაიჯანელებმა 1:0 იმარჯვეს, ხოლო შინ უპირატესობა საგრძნობლად გაზარდეს. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 88-ე წუთზე გაფრთხილებაც დაიმსახურა.

საბედნიეროდ, შემდეგ ეტაპზე უფრო მეტი ლეგიონერი გავიდა. გუგა ფალავანდიშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის ვენტსპილსმა გზირას ბარიერი მარტივად დაძლია. შინ 4:0-ის მოგების შემდეგ, სტუმრად 2:2 ითამაშეს. მალტაში გამართულ შეხვედრაში მჭედლიშვილმა სრულად ითამაშა და 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ფალავანდიშვილი თამაშში 44-ე წუთზე ჩაერთო. ლატვიელთა მორიგი მეტოქე პორტუგალიური გიმარაეში იქნება, რომელმაც ჟეუნეს ეში 5:0 გაანადგურა.

მესამე საკვალიფიკაციოზე გავიდა სამი გიორგის გენტი. ბელგიელებმა შინ ვიტორული 6:3 დაამარცხეს და ფაქტობრივად, წყვილის ბედიც გადაწყვიტეს. განაცხადში მხოლოდ გიორგი ბერიძე იყო, ვინც მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა. რუმინეთში გამართულ შეხვედრაში ქართველების გარეშე მყოფმა გენტმა 1:2 წააგო. ბელგიელები ძალებს აეკ ლარნაკასთან მოსინჯავენ, რომელმაც ორი მატჩის ჯამში, ლევსკი 7:0 გაანადგურა.

ვაკო გვილიას ლეგიამ კუოპიონი შინ მოგებული შეხვედრით (1:0) გამოაგდო. ფინეთში გამართული დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. ქართველმა ნახევარმცველმა ორივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. პოლონელების მორიგი მეტოქე ათრომიტოსი იქნება. ბერძნებმა დუნაისკა სტრედა 5:3 დაამარცხეს.

მოკრძალებული ანგარიშით იმარჯვა ოთარ კაკაბაძის ლუცერნმაც. შვეიცარიელებმა კლაკსვიკი ორივე შეხვედრაში 1:0 დაამარცხეს. განმეორებით მატჩში ჩვენებური მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა. ფლეი-ოფში გასასვლელად ლუცერნს არც მეტი, არც ნაკლები ესპანური ესპანიოლი შეეცილება. დავიდ გალეგოს შეგირდებმა სტიარნანს 7:1 მოუგეს.

ზაურ მახარაძის ზორიამ ბუდუჩნოსტი დამაჯერებლად დაამარცხა. სტუმრად 3:1-ის მოგების შემდეგ, საკუთარ კედლებში 9-კაციანი მეტოქე 1:0 დაამარცხეს. ქართველმა მეკარემ მხოლოდ მეორე შეხვედრაში ითამაშა. უკრაინელთა მორიგი მეტოქე სოფიის ცსკა იქნება. ბულგარელებმა ოსიეკი პენალტების სერიაში დაამარცხეს – 4:3. 

აქვე გეტყვით, რომ კახა ცხადაძის ორდაბასი ასპარეზობას გამოეთიშა. ყაზახები ბოლესლავის მლადამ გამოაგდო. ჩეხეთში გამართული მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, ხოლო მლადამ სტუმრად 3:2 იმარჯვა. 

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 აგვისტოს გაიმართება, ხოლო მანამდე, 5 აგვისტოს, დასკვნითი ეტაპისთვის ქართული გუნდებისა და ლეგიონერების სავარაუდო მეტოქეები გაირკვევა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები