ეროვნული ლიგა

 2019/14/08 15:14

ეროვნული ლიგა
რომან გოცირიძე: თბილისის დინამო უპასუხისმგებლოდ იქცევა
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

საქართველოს პარლამენტისა და ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, თბილისის დინამოს სასჯელს გამოეხმაურა. 

– თბილისის დინამო უპასუხისმგებლოდ იქცევა. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს და დაგმოს გულშემატკივართა ნაწილის ფაშისტური გამოხტომები, ცდილობს, გაამართლოს ისინი.

უეფამ არ მიიღო დინამოს სააპელაციო საჩივარი და ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწევს საპასუხო თამაშის გამართვა. ქვემოთ ერთ-ერთი ბანერია გამოფენილი, რომლის შესახებაც, დინამოს გულშემატკივართა კლუბი ამბობს, რომ ეს რიცხვები ამ კლუბის დაარსების თარიღია.

სინამდვილეში რაც არის, მეორე ფოტოში ჩანს, სადაც ტვინგამორეცხილი ქართველი ნაცისტი დგას ჰიტლერის პოზაში, მსგავსი ბანერის გვერდით. უეფამ გარდა ბანერებისა, რასისტული შეძახილები და ჟესტებიც დააფიქსირა სტადიონზე.

დინამო უეფამ დაავალდებულა, რომ უნდა გამოფინოს საპასუხო, ანტირასისტული ბანერი და გადაიხადოს 50 ათასი ევრო. ვნახოთ, როგორ მიმართავს თავის გზააბნეულ ქომაგებს და მოუხდის თუ არა ბოდიშს ყველას, ქართველებს თუ არაქართველებს და აღიარებს თუ არა იმ მორალურ ზიანს, რომელიც მიადგა ქვეყანას და რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, მსგავსი ქმედებების პირველივე გამოვლენისთანავე რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები, – დაწერა მან. 

შეგახსენებთ, უეფამ თბილისის დინამოს სარჩელი არ დააკმაყოფილა. უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, რომელშიც თბილისის დინამო როტერდამის ფეინოორდს უმასპინძლებს, უმაყურებლოდ ჩაივლის. მიზეზი დინამო-გაბალას განმეორებით თამაშზე ქართველი გულშემატკივრების მიერ ფაშისტური პოსტერის გამოყენებაა. შეგახსენებთ, დინამო ფეინოორდის მატჩი 15 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები