ეროვნული ლიგა

 2019/04/02 22:52

ეროვნული ლიგა
რომან ჭანტურია: ბათუმის დინამოში არსებული პირობები ბევრი ევროპული გუნდისას სჯობს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ემპოლის 22 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომან ჭანტურია, იჯარის წესით, ბათუმის დინამოში ითამაშებს. გეტყვით, რომ აჭარული გუნდი ახალ სეზონში ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს. 

ჩვენებურმა Sport24-თან იტალიაში გატარებულ წლებზე და ახალ გამოწვევაზე ისაუბრა. 

– ემპოლიში გატარებულ წლებს, რა თქმა უნდა, დადებითად გავიხსენებ. ადაპტაცია ბევრ კომპონენტში მარტივად გავიარე, რაშიც ლევან მჭედლიძე ძალიან დამეხმარა. პირველ გუნდთან ერთად, 1 წელი გავატარე. სერია ა-ს 5 შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. მქონდა შანსი, რომ ბოლო 5 შეხვედრაში მეთამაშა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო, მათი გამოტოვებაც მომიწია. 

მარკო ჯამპაოლო და მაურისიო სარი

– მაურისიო სარისთან 6 თვე მომიწია თანამშრომლობა და ჩემი მაქსიმუმის ჩვენება ვერ მოვასწარი. მარკო ჯამპაოლოსთან კი, სრული 1 წელი ვიყავი და თუ მის ინტერვიუებს ნახავთ, მიხვდებით, რომ ჩემზე დადებითად საუბრობდა. დარწმუნებული ვარ, ტრავმა რომ არ მიმეღო, ხსენებულ 5 შეხვედრას აუცილებლად მათამაშებდა, რადგან ამაზე ბევრს ვლაპარაკობდით. ორივე უმაღლესი დონის სპეციალისტია, რაც დღესაც აშკარად ჩანს. 

იჯარა ოლიანენსეში

– პორტუგალიაში წასვლის მიზეზი ემპოლიში მოსული ახალი დამრიგებელი იყო, რომელიც არ მენდობოდა. მქონდა სერია ბ-ში მოასპარეზე კლუბებისგან შემოთავაზება, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ქვეყანა გამომეცვალა. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ოლიანენსეში სრულიად სხვა გარემო დამხვდა. ცუდი პირობები და არაპროფესიონალური გარემო. მიმაჩნია, რომ 6 თვე ტყუილად დავკარგე. 

ლოკომოტივში დაბრუნება

– არ ვფიქრობ, რომ ლოკომოტივში დაბრუნება მცდარი ნაბიჯი იყო, თუმცა, უნდა ითქვას, რომ არ შეიძლება ყველა ფეხბურთელს ერთნაირად მიუდგე. მქონდა შეცდომები და ჩემი შესაძლებლობების 100% ვერ გამოვავლინე. 

ბათუმის დინამო და გზა საქართველოს ნაკრებამდე

– ბათუმის დინამო არის გარანტია ყველა იმ პირობისა, რაც ფეხბურთელს სჭირდება. პროფესიონალი მწვრთნელი და პერსონალი ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელიც მიზნის მისაღწევად გვჭირდება. ბოლომდე დავიხარჯები და ყველა შეხვედრაში მაქსიმუმს გავიღებ. მჯერა, ეროვნულ გუნდში გამომიძახებენ, იმიტომ, რომ ამას დავიმსახურებ. 

სხვა ლეგიონერები და ეროვნული ლიგა

– არ ვიცი, სხვა ლეგიონერები რატომ არ ბრუნდებიან საქართველოში, მაგრამ თუ ბათუმის დინამოდან შეთავაზებას მიიღებს ფეხბურთელი, არსად წავა, რადგან აქ არსებული პირობები ბევრი ევროპული გუნდისას სჯობს. 

დინამოს მიზანი

– დინამოს მწვრთნელის, პერსონალის, ხელმძღვანელის მთავარი მიზანია, ყველა შეხვედრაში 3 ქულისთვის ბრძოლა, თამაშში გულისა და სულის ჩადება და გულშემატკივრებისთვის ლამაზი ფეხბურთის ჩვენება.  

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები