ევროთასები

 2018/27/04 21:17

ევროთასები
რეალმა იმარჯვა და ოთხთა ფინალის უკანასკნელი საგზური მოიპოვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროლიგის ფლეი-ოფის ბოლო შეხვედრაში რეალმა პანათინაიკოსი მიიღო. მოგეხსენებათ, ოთხთა ფინალში გასული 3 გუნდის ვინაობა ცნობილი იყო: ჟალგირისი, ფენერბაჰჩე და ცსკა. რეალი სერიაში 2:1-ს იგებდა, ამიტომ დღეს, გამარჯვების შემთხვევაში, ფინალურ სტადიაზე გავიდოდა. მათ ეს შეძლეს და ბერძნები 89:82 დაამარცხეს.

პირველი მეოთხედი რეალმა მოიგო, მაგრამ მეტოქე დიდ წინააღმდეგობას უწევდა და თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. გარკვეული დროის განმავლობაში, სტუმრები წინ იყვნენ, თუმცა, რეალმა ლიდერობა მოიპოვა და (19:14) იმარჯვა. ამის შემდეგ მათ უპირატესობა ხელთ იგდეს და  სხვაობა 18 ქულამდე გაზარდეს. რაც ფაქტობრივად, გამარჯვების მომტანი იყო. საბოლოოდ, მადრიდულმა გრანდმა ტაიმი 51:35 მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ საინტერესო არაფერი მომხდარა. რეალმა მორიგი ათწუთეული მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა 18 ქულას შეადგენდა – 78:60. ბევრი, ალბათ, ვერც იფიქრებდა პანათინაიკოსის თამაშში დაბრუნებას, მაგრამ მათ თამაშის ხარისხს უმატეს და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს. წინ წუთ-ნახევარი იყო. ლუკა დონჩიჩის სამქულიანმა კი რეალის გულშემატკივრებს შვება მოჰგვარა. საბოლოოდ, ესპანელებმა (89:82) იმარჯვეს.

მასპინძლეთა მხრიდან, საუკეთესო მექულე სწორედ ლუკა დონჩიჩი გახლდათ, მან 17 ქულა მოაგროვა. 12-12 ჰქონდათ ფელიპე რეიესს და გუსტავო აიონს.

სტუმართაგან 21 ქულა კრის სინგლტონმა ჩააგდო. 18-18 ქულა მაიკ ჯეიმსისა და ნიკ კალატესის ანგარიშზეა. 

ოთხთა ფინალი ბელგრადში, სტარკ არენაზე გაიმართება. ნახევარფინალები 18 მაისს არის ჩანიშნული, ფინალი კი – 20 მაისს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები