ევროთასები

 2018/21/05 00:19

ევროთასები
რეალი ევროლიგის ჩემპიონია!
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროლიგის ფინალურ ეტაპზე, მადრიდის რეალი ექსჩემპიონ ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრა რეალის გამარჯვებით (85:80) დასრულდა.

სტუმრებმა კარგად დაიწყეს, ლიდერობაც მოიპოვეს, მაგრამ პირველი მეოთხედის ბოლოსკენ, კონცენტრაცია დაკარგეს და რეალმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 21:17. ესპანელებმა მოუმატეს, სხვაობა 8 ქულამდეც გაზარდეს, თუმცა, მეტოქის მსგავსად, ბოლო წამებზე ლიდერობის დათმობა მოუწიათ და თურქები შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 40:38.

მადრიდელებმა კი ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი მესამე მეოთხედში გადადგეს, სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქე საკმაოდ ჩამოიტოვეს. ბოლო ათწუთეულის წინ, რეალი 8 ქულით იგებდა – 63:55. ესპანელები პარკეტზე თავს ისე გრძნობდნენ, როგორც თევზი წყალში. მათ თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და მეტოქეს დაწევის საშუალებას არ აძლევდნენ. ბოლო წამებზე მაინც დაიძაბა ვითარება. ფენერმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, ბურთი კი მადრიდელთა ხელში იყო. ტაქტიკური ჯარიმების დროც დადგა. საბოლოოდ, რეალის კალათბურთელებმა მაღალი სიზუსტით ისროლეს საჯარიმო ხაზიდან და ევროლიგის ტიტულსაც დაეუფლნენ – 85:80.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მეოთხედი ჯარიმებით იყო დატვირთული. გუნდებმა ჯამში, 22-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. მთელი შეხვედრის განმავლობაში კი, 53 ჯარიმა დაფიქსირდა.

რაც შეეხება მექულეებს. ესპანელებს 17 ქულით ფაბიან კოსიემ ულიდერა. 15 ჰქონდა ტურნირის MVP-ს, ლუკა დონჩიჩს. 

თურქების მხრიდან 28 ქულით ნიკოლა მელი გამოირჩა. 14 ქულა ბრედ ვანამეიქერის ანგარიშზეა. 

ამ მოგებით რეალი მეათე ევროლიგურ ტიტულს დაეუფლა და მდევარ ცსკა-ს სამით გაუსწრო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები