ჩოგბურთი

 2019/09/09 14:03

ჩოგბურთი
რაფაელ ნადალმა მე-19 დიდი სლემი მოიგო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

რაფაელ ნადალმა კოლექციას მე-19 დიდი სლემის ტიტული შემატა. ამერიკის ღია პირველობის ფინალში, ესპანელმა უშეღავათო ბრძოლაში დანილ მედვედევი დაამარცხა – 3:2 

შეხვედრა 5 საათამდე გაგრძელდა და სანახაობრივი გამოვიდა. რუსმა ჩოგბურთელმა დიდი დეფიციტი აღმოფხვრა, მაგრამ გამარჯვება ვეღარ მოახერხა. საწყისი ორი სეტი ნადალის უპირატესობით წარიმართა. თუმცა, უსაქმოდ არც მედვედევი იყო, ვინც პირველი ბრეიქი შეასრულა, რასაც ნადალმა უმალვე უპასუხა. მასვე მორიგი ბრეიქის შესრულების შანსი რამდენჯერმე მიეცა, ხოლო საწადელს მე-12 გეიმში მიაღწია და მეორე სეთ ფოინთი გამოიყენა – 7:5. მეორე სეტიც ესპანელის უპირატესობით წარიმართა. მე-4 გეიმში ოთხი გამოუყენებელი ბრეიქ ფოინთის მიუხედავად, მე-6-ში მაინც დააბრეიქა – 6:3.

მესამე სეტიც ნადალის კარნახით დაიწყო და მე-5 გეიმში მეოთხე ბრეიქიც შეასრულა. თითქოს, ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ რუსმა ძალები მოიკრიბა. ჯერ უმალვე უკუბრეიქი შეასრულა, შემდეგ ორი ბრეიქ ფოინთი გადაარჩინა და მეორე ცდით ისევ დააბრეიქა – 7:5. მეოთხე სეტის მიმდინარეობისას დაბრეიქების შანსი ორივეს ჰქონდა, მაგრამ მედვედევმა საჭირო დროს ივარგა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა – 6:4. 

გადამწყვეტი სეტის დროც დადგა, რომელიც რუსისთვის შესანიშნავად დაიწყო და მეორე გეიმში სამი ბრეიქ ფოინთი ჰქონდა. მისდა სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა და საკადრისად დაისაჯა. ნადალმა ზედიზედ 2-ჯერ დააბრეიქა და 5:2 გალიდერდა. ერთი უკუბრეიქის მიუხედავად, ესპანელმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:4.

33 წლის რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობა მეოთხედ მოიგო, ხოლო კარიერაში ეს მისთვის 84-ე ტიტულია. განახლებულ რეიტინგში ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს უფრო მიუახლოვდა და მხოლოდ 640 ქულით ჩამორჩება. დანილ მედვედევი კი, სარეკორდო, მეოთხე პოზიციაზეა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები