ჩოგბურთი

 2019/05/09 13:38

ჩოგბურთი
რაფაელ ნადალი დებიუტანტების გარემოცვაში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ამერიკის ღია პირველობაზე მხოლოდ ოთხი მოთამაშე შემორჩა. რამდენიმე ძლიერი ჩოგბურთელის გავარდნის შემდეგ, ტურნირზე უმთავრესი ფავორიტი რაფაელ ნადალია, ვის გარემოცვაშიც დებიუტანტები მოხვდნენ.

ნახევარფინალში ესპანელის მეტოქე გათამაშების აღმოჩენა – მატეო ბერეტინია. იტალიელი ჩოგბურთელისგან ამხელა წარმატებას არავინ მოელოდა. 23 წლის მატეოს შედარებით გაუმართლა და გზად ათეულის წევრი არ შეხვედრია. მისთვის ამ ტურნირზე მესამე გამოსვლაა. 2017 წელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა, ხოლო გასულ სეზონში გათამაშებას პირველივე რაუნდში გამოეთიშა. ზოგადადაც, დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში არასდროს გასულა. ყველაზე კარგი შედეგი ამავე წელს, უიმბლდონის მეოთხე რაუნდია.

მას უდიდესი გამოცდა ელის, რადგან ესპანელი მატადორი შესანიშნავად გამოიყურება და მთელ ტურნირზე მხოლოდ 1 სეტი დათმო. რაფა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში მერვედ გავიდა. აქამდე, 7 მცდელობიდან ფინალში 4-ჯერ გააღწია და 3-ჯერ ჩემპიონიც გახდა. 

ბადის მეორე მხარეს დანილ მედვედევი და გრიგორ დიმიტროვი არიან. რუსი ჩოგბურთელი კარიერის პიკზეა და ზედიზედ 11 შეხვედრა აქვს მოგებული, ხოლო უკანასკნელ 16 მატჩში მხოლოდ 1 წააგო. მცირე გადაღლილობის მიუხედავად, მედვედევი მხოლოდ ერთ სეტს აგებს. ამავე ტურნირზე მისი მაქსიმუმი მესამე რაუნდია, ხოლო ჯამში, დიდი სლემის ტურნირებზე, საუკეთესო შედეგი ამავე წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე დააფიქსირა, როდესაც მეოთხე რაუნდში გავიდა. 

რაფაელ ნადალის შემდეგ, ყველაზე გამოცდილი გრიგორ დიმიტროვია. ცუდი ფორმიდან გამომდინარე, ბულგარელისგან ასეთ წარმატებას არავინ მოელოდა. მას არასტაბილური სეზონი აქვს და ზედიზედ 3 თამაში მხოლოდ ავსტრალიაში მოიგო. ამის მიუხედავად, გათამაშებას 5-გზის ჩემპიონი, როჯერ ფედერერი გამოთიშა. დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალი მისთვის უცხო ხილი არ გახლავთ, მაგრამ ამერიკაში მსგავსი შედეგისთვის არასდროს მიუღწევია. მისი მაქსიმუმი მეოთხე რაუნდია, რომელსაც 2014 და 2016 წლებში მიაღწია. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები