სუპერლიგა

 2019/30/05 23:23

სუპერლიგა
ქუთაისმა ნავსი ვერ გატეხა, დელტა საქართველოს ჩემპიონია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის გამარჯვებულის ვინაობა ქუთაისში მეხუთე შეხვედრას უნდა გამოევლინა. ადგილობრივმა გუნდმა დელტა მიიღო და საკუთარ კედლებში ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ დათმო.

უკვე ორი წელია ქუთათურები ფინალის გადამწყვეტ, მეხუთე შეხვედრას საკუთარ მოედანზე ატარებენ, თუმცა, მათი დამარცხება ჯერ დინამომ, ახლა კი, უკვე დელტამ შეძლო.

წლევანდელი დაპირისპირება ძალიან სანახაობრივად, საოცარი გულშემატკივრობის ფონზე წარიმართა. ქუთაისმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა. დელტა პერიმეტრიდან შესანიშნავად ისროდა. საბა ლობჯანიძემ და არტიომ შვეცმა 5-5 სამიანი ჩააგდეს, ხოლო ქუთაისს ჯამში, ამდენი (5) სამქულიანი ჰქონდა, რაც თამაშის წაგების ერთ-ერთი განმაპირობებელი გახდა.

კოტე ტუღუშის შეგირდებმა შესანიშნავად დაიწყეს და საწყის 4 წუთში უდიდესი ლიდერობაც მოიპოვეს – 14:4. ამის შემდეგ, დელტამ თამაში გამოასწორა და მეტოქე უფრო წინ არ გაუშვია. ორივე გუნდი შეტევაში უკეთ გამოიყურებოდა, ხოლო დაცვაში ბევრი შეცდომა იყო. დელტამ 10-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა პირველივე მეოთხედში შეძლო და წინაც გავიდა, მაგრამ მაინც ვერ იმარჯვა – 23:24. ტაიმის მიწურულამდე ვითარება არ შეცვლილა და მასპინძელ გუნდს უპირატესობა არ დაუთმია – 43:40.

ყველაფერი დიდი შესვენების შემდეგ შეიცვალა. მესამე მეოთხედი გარდამტეხი აღმოჩნდა. არტიომ შვეცისა და საბა ლობჯანიძის გამოყენებული სროლებით, წინ დელტა გავიდა – 55:54. დარჩენილ დროში (14 წუთი) ქუთათურებმა ლიდერობა ვეღარ მოიპოვეს. დასკვნითი მეოთხედის წინ, სტუმართა უპირატესობა 5 ქულას შეადგენდა – 62:57. მასპინძლები არ ნებდებოდნენ და მეტოქეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ, ხოლო თავად სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ. ოთხწუთ-ნახევრით ადრე ქუთაისელები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. ლიდერმა, აკაკი დვალიშვილმა მეხუთე ჯარიმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. 1 წუთით ადრე სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა, თუმცა, დარჩენილ დროში მასპინძლებმა პერიმეტრიდან რამდენიმე მცდელობა გააფუჭეს და დელტამ ჩემპიონობა პირველად მოიპოვა – 82:78.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქუთაისელი აკაკი დვალიშვილი გახდა, ვინც 30 წუთში 26 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. 17 ქულა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზეა. გამარჯვებული გუნდის მხრიდან, 25 ქულით, საბა ლობჯანიძე გამოირჩა, ხოლო არტიომ შვეცს 19 ქულა ჰქონდა. 

სუპერლიგის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა. შესაბამისად, ოქროს მედლები დელტამ, ვერცხლის ქუთაისმა, ხოლო ბრინჯაოსი მგზავრებმა მოიპოვა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები