სუპერლიგა

 2019/14/05 23:02

სუპერლიგა
ქუთაისმა მოედნის უპირატესობა დაკარგა, დელტა შეუჩერებელია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სუპერლიგის ნახევარფინალური ეტაპის მეორე შეხვედრები საინტერესოდ წარიმართა. ქუთაისმა დინამოს პირველი შეხვედრა მოუგო, თუმცა, იმავეს გამეორება ვერ მოახერხა. დელტა კი შეუჩერებელია და ფლეი-ოფში დაუმარცხებლად ასპარეზობს.

ქუთაისი-დინამო 76:84

ამ წყვილში უშეღავათო ბრძოლა თავიდანვე მოსალოდნელი იყო. პირველი შეხვედრის წაგების შემდეგ, დინამომ შეცდომები გამოასწორა და სერიაში მცირე უპირატესობაც მოიპოვა.

ქუთაისმა ძალზედ კარგად დაიწყო და რამდენიმე მინი გაქცევით, მეოთხედი 24:14 მოიგო. უპირატესობის გაზრდას მეორე ათწუთეულში შეუდგნენ. ერთხანს, სხვაობა 10 ქულას არ ჩამოცდენია, თუმცა, ტაიმის მიწურულს, დინამომ 16-ქულიანი ჩამორჩენა 7-მდე შეამცირა – 37:44.

მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა და სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა. 6 წუთის განმავლობაში, ქუთაისელები კომფორტულ უპირატესობას ინარჩუნებდნენ, თუმცა, დინამომ 14:1 გაქცევა განახორციელა, რაც შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა. დაკსვნითი მეოთხედის წინ, სწორედ მოქმედი ჩემპიონი გალიდერდა – 62:60. დარჩენილ დროში ქუთაისმა უპირატესობა ვეღარ დაიბრუნა, მეტიც, ანგარიშიც ვერ გაათანაბრა. შეხვედრის დასრულებამდე სამწუთ-ნახევრით ადრე, დინამოელთა ჰანდიკაპმა 9 ქულას უწია. ქუთაისი არ ნებდებოდა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა. დინამომ იმერეთიდან მნიშვნელოვანი გამარჯვება წამოიღო – 76:84.

მარცხის მიუხედავად, შეხვედრის MVP ჯონათან ლი გახდა, ვინც 23 ქულა და 12 პასი მოაგროვა. მას მხარი 18 ქულით აკაკი დვალიშვილმა აუბა. დინამოელთა მხრიდან, 22 ქულითა და 9 მოხსნით, დემაგოი ბუბალო გამოირჩა. 20 ქულა რეჯელ დოუელის ანგარიშზეა, მან 5 სამიანი ჩააგდო. 

მგზავრები-დელტა 67:75

უდავოდ, წლევანდელი სეზონის აღმოჩენა მარნეულის დელტაა. გუნდი სუპერლიგაში გასულ სეზონში აღზევდა და ბოლოსწინა, მერვე პოზიციაზე გავიდა. წელს რეგულარული მესამეზე დახურა, ხოლო ფლეი-ოფში ხუთივე შეხვედრა მოიგო. ოლიმპთან 3:0-ის მოგების შემდეგ, მგზავრებს სერიაში 2:0 გაუხადა.

მარნეულის წარმომადგენელმა აგრესიულად და გუნდურად იასპარეზა. მათ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და თამაშსაც აკონტროლებდნენ. დელტამ საწყისი სამივე მეოთხედი მოიგო. პირველი ტაიმი 39:30 დასრულდა. დიდი შესვენების შემდეგ, მათი უპირატესობა უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა, მგზავრებმა შეხვედრის გადარჩენა ვერ მოახერხა – 67:75.

შეხვედრაში დელტას კალათბურთელი, ოთარ ფხაკაძე გამოირჩა, ვინც 25 წუთში ამდენივე ქულა მოაგროვა. ერთადერთი ორმაგი დუბლი ბექა ბექაურმა შეასრულა – 14 ქულა, 10 მოხსნა. მგზავრების მხრიდან, 15 ქულით, ადრიან ბოუი გამოირჩა, 11 ჯეიკობ არმსტრონგის ანგარიშზეა. 

 

სერიის მესამე შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. დელტა მგზავრებს 17 მაისს, 16:00 საათზე მიიღებს და სერიის დასრულებას შეეცდება, ხოლო 18:00 საათზე დინამო ქუთაისს შეხვდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები