სუპერლიგა

 2019/28/05 01:18

სუპერლიგა
ქუთაისმა მოედნის უპირატესობა დაიბრუნა და ჩემპიონობას მიუახლოვდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე შეხვედრა ძალიან დრამატულად წარიმართა. დელტამ ქუთაისიდან მოედნის უპირატესობა წამოიღო, ამიტომ იმერლებს უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ. უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯებთან კამათის გამო, გუნდის მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუში, მესამე შეხვედრისთვის დისკვალიფიცირებული იყო, მაგრამ ბრძოლის ჟინით რიონისპირელებმა იმარჯვეს და ჩემპიონობას ცალი ფეხით მიუახლოვდნენ.

დელტამ შეხვედრა მაღალ დონეზე დაიწყო და უმალვე, ანგარიში 6:0 გახადა. დროდადრო მათი ლიდერობა უფრო იზრდებოდა, რისთვისაც ქუთათურებს პასუხის გაცემა უჭირდათ. მეოთხედი მასპინძლებმა 27:20 მოიგეს. სტუმრები გონს მოეგნენ და თამაშში მალევე დაბრუნდნენ. გუნდს მუხტი მიეცა და 16:0 გაქცევაც შემოგვთავაზა, რითაც 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ტაიმის მიწურულამდე, სტუმრები ლიდერის ამპლუაში იყვნენ – 44:40.

მესამე მეოთხედი დელტამ საოცრად დაიწყო. ზედიზედ 3 ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ, წინ სწორედ მასპინძლები იყვნენ. პასუხის გარეშე არც მეტოქე დარჩენილა. აკაკი ლომოურმა პერიმეტრიდან ზედიზედ ორი ტყორცნა გამოიყენა. თანაბარი თამაშიც გაჩაღდა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. მეოთხედის უკანასკნელ წამზე, ლომიძის ჩაგდებული სამიანით, ქუთაისი ორი ქულით დაწინაურდა – 63:61. მეოთხე ათწუთეულის საწყისი 6 წუთი თანაბრად წარიმართა, რის შემდეგაც, ქუთაისმა უპირატესობა იგდო ხელთ. თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, სხვაობა 7 ქულას შეადგენდა. დელტამ გაიბრძოლა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ქუთაისმა მოედნის უპირატესობა დაიბრუნა – 83:74.

ქუთაისს 18 ქულით, გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა. 17 ქულა ლევერენზელ ბუსის ანგარიშზეა. ამდენივე ქულა დელტას უკანახაზელმა, ერიკ ნოთიჯმა მოაგროვა. 

სერიის მეოთხე შეხვედრა 28 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები