სუპერლიგა

 2019/24/05 21:17

სუპერლიგა
ქუთაისმა დელტა დაჯაბნა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ფლეი-ოფში უძლეველი დელტა ქუთაისმა მეორე ცდით შეაჩერა. ფინალური ეტაპის მორიგ დაპირისპირებაში, იმერლებმა რევანში აიღეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს, რითაც მარნეულელების 7-მატჩიანი საფლეიოფო წაუგებელი სერია დასრულდა.

მასპინძლები ორმაგად მოტივირებულები იყვნენ და შეხვედრაში ყველაფერი დადეს. მატჩი ძალიან უხეში გამოდგა. ჯამში 62 პერსონალური ჯარიმა იყო და ამის ფონზე პარკეტი ნაადრევად ორივე გუნდის 3-3-მა კალათბურთელმა დატოვა. ხოლო რამდენიმე გავარდნის რისკის ქვეშ იყო.

დელტამ იბრძოლა, მაგრამ ქუთაისელები უკეთ გამოყურებოდნენ და სათამაშო დროის უდიდესი ნაწილი მათი ლიდერობით მიმდინარეობდა. დელტამ უპირატესობა მხოლოდ პირველ ტაიმში მოიპოვა, რომელიც 4 ქულით შემოიფარგლა. პირველ მეოთხედში 13:9-ს იგებდნენ, რა დროსაც მასპინძლები დაიქოქნენ და 17:2 გაქცევა განახორციელეს – 27:15. მეორე ათწუთეულში უპირატესობა 17 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ ქუთაისს ჩავარდნა დაეწყო, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ტაიმის დასრულებამდე 3 ქულით წინაც გავიდნენ. ამის მიუხედავად, კოტე ტუღუშის შეგირდებმა 4 ქულა აიღეს და შესვენებისთვის 1 ქულით გალიდერდნენ – 41:40.

მეორე ტაიმში ლიდერი აღარ შეცვლილა. ქუთაისი თამაშს აკონტროლებდა და მეტოქეს დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. ერთი მომენტი დელტამ ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მასპინძლები გააქტიურდნენ და ჰანდიკაპი ისევ გაზარდეს. საბოლოოდ ბოლო წუთებში არაფერი შეცვლილად და ქუთაისმა მშვიდად იმარჯვა – 82:70.

შეხვედრაში საუკეთესო მასპინძელთა კაპიტანი, გიორგი ბარბაქაძე იყო – 24 ქულა. 20 ქულა აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა. დელტას მხრიდან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ოთხმა კალათბურთელმა გადალახა და თითქმის მსგავსი მაჩვენებლები დააფიქსირეს. მალკოლმ დრამრაითსა და არტიომ შვეცს 13-13, ხოლო ერიკ ნოთიჯსა და ბექა ბექაურს 12-12 ქულა ჰქონდათ.

სერიის დარჩენილი ორი შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მანამდე კი, 26 მაისს, 16:00 საათზე მგზავრები და დინამო მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები