სუპერლიგა

 2019/08/05 21:30

სუპერლიგა
ქუთაისი ნახევარფინალშია, მგზავრებმა ანგარიში მეორედ გაათანაბრა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის დარჩენილი შეხვედრებიც გაიმართა. სერიის მეოთხე დაპირისპირებაში მესამე ნახევარფინალისტიც გაირკვა. ქუთაისი მორიგ ეტაპზეა და მოქმედ ჩემპიონ დინამოს შეხვდება. ხოლო მგზავრებმა ანგარიში გაათანაბრა და ყველაფერი თბილისში გადაწყდება.

ტიტები-ქუთაისი 87:93

ტიტებს მორიგი ქამბექი არ გამოუვიდა. გუნდმა მეოთხე შეხვედრაშიც კარგად იასპარეზა, მაგრამ ქუთათურებმა იძალეს და ნახევარფინალში გასული სეზონის ფინალს ვიხილავთ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან დაწინაურდნენ. სხვაობა 12 ქულამდეც ავიდა, მაგრამ პირველი მეოთხედის მიწურულს, სტუმრებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს – 17:24. რიონისპირელებმა 11:0 გაქცევა განახორციელეს და უკვე წინ თავად გავიდნენ. ტაიმი მათივე გამარჯვებით (48:37) დასრულდა.

ჯერი მასპინძლებზე დადგა. ტიტებმა 13-ქულიანი ჩამორჩენა მალევე გააქრო და დასკვნით მეოთხედს ლიდერის ამპლუაში შეხვდა – 70:66. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, აკაკი დვალიშვილის საშუალოთი ქუთაისმა ლიდერობა დაიბრუნა. მისივე კარგი თამაშით სხვაობა 6 ქულამდე ავიდა. მასპინძელი გუნდი პერიმეტრიდან უშედეგოდ ისროდა, რაც წაგების ფასად დაუჯდა – 87:93.

წინა შეხვედრის მსგავსად, თამაშის MVP აკაკი დვალიშვილი გახდა, ვინც 31 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 23 ქულა დავით ლომიძის ანგარიშზეა. ტიტების მხრიდან, 29 ქულითა და 12 მოხსნით ილია ლონდარიძე გამოირჩა. 21 ქულა კაჰიმ რაშად რენსონმა მიითვალა.

ბათუმი-მგზავრები 77:94

ამ წყვილში ბათუმი ორჯერ დაწინაურდა, თუმცა, მგზავრებმა სერიაში გათანაბრება კვლავ შეძლო – ამჯერად, ძალიან მარტივად. 

თბილისელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და მარტივ გამარჯვებასაც მიაღწიეს. მათი უდიდესი ლიდერობა 32 ქულას შეადგენდა. ტაიმი 55:32 მოიგეს და ფაქტობრივად, ინტრიგაც მოკლეს. ჰანდიკაპი დიდი შესვენების შემდეგ გაიზარდა და მეოთხე მეოთხედამდე 26 ქულას მიაღწია – 76:50. ბოლოსკენ შავიზღვისპირელებს თამაშის საშუალება მიეცათ და ჩამორჩენა მცირედით შეამცირეს – 77:94.

სტუმართა მხრიდან, 25 ქულით, პრინს უილიამსი გამოირჩა. მას მხარი 21 ქულით ადრიან ბოუიმ აუბა. ბათუმელთაგან 12 ქულა ლუკა კალატოზიშვილს ჰქონდა, ხოლო 11-11 ავთანდილ ლომინაშვილსა და სტეფან ანდრეიევიჩს. 

მგზავრებისა და ბათუმის გადამწყვეტი დაპირისპირება 10 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება, სადაც დელტას მეწყვილე გაირკვევა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები