სუპერლიგა

 2019/14/05 11:57

სუპერლიგა
ქუთაისი და დელტა ნახევარფინალში დაწინაურდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სუპერლიგა ნახევარფინალური ეტაპით განახლდა. ერთი წყვილი გასული სეზონის ფინალისტებმა, ქუთაისმა და დინამომ შეადგინეს, ხოლო მეორეში მგზავრები დელტას შეუწყვილდა.

რიონისპირელებმა მასპინძლის სტატუსით ისარგებლეს და მოქმედი ჩემპიონი მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს. დელტამ კი სტუმრად იმარჯვა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

ქუთაისი-დინამო 68:60

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, რაც მწირქულიანობაში გადაიზარდა. გუნდები დიდ უპირატესობას დაცვას ანიჭებდნენ. მატჩი სხვადასხვა სცენარით წარიმართა.

მასპინძლებმა შესანიშნავად დაიწყეს და 18:2-ით გაქცევის შემდეგ, მეოთხედი 24:13 მოიგეს. საპირისპიროდ, მეორე ათწუთეულში დინამო დაცვაში უკეთ გაირჯა და შეტევაშიც გააქტიურდა. ქუთაისმა საშინელი მეოთხედი ჩაატარა, ბოლო 7 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა, რამაც დინამოს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა. მასპინძლებმა ტაიმი მინიმალური უპირატესობით მოიგეს – 32:31.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, დინამო წინ მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა. მესამე მეოთხედი თანაბრად წარიმართა და უმეტესწილად, სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენდა. მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე 2 წუთით ადრე, ქუთაისელებმა მოუმატეს და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი 6 ქულითაც დაწინაურდნენ – 49:43. დარჩენილ დროში კოტე ტუღუშის შეგირდებმა ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვეს. დინამო ბევრს ეცადა, თუმცა, წაგებას ვერ გადაურჩა – 60:68.

მასპინძელთა ცენტრი, აკაკი დვალიშვილი, მორიგი დიდებული ასპარეზობით, შეხვედრის MVP გახდა. ქუთათურთა 21-მა ნომერმა 17 ქულა მოაგროვა. ამდენივე ჰქონდა ჯონათან ლის, ვინც ქართველთან შედარებით, პარკეტზე 10 წუთით მეტი დაჰყო. დინამოელთა მხრიდან, 15 ქულით, ჯორდან სვოფშირი გამოირჩა. 12 ქულა დემაგოი ბუბალოს ანგარიშზეა.

მგზავრები-დელტა 76:90

მასპინძლებმა რეგულარული მეორეზე დაასრულეს, თუმცა, ფლეი-ოფში ბათუმის გამოგდება გაუჭირდათ. ეს წყვილი ერთადერთი გახლდათ, სადაც გადამწყვეტი მეხუთე შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო. საპირისპიროდ, დელტამ ყველაზე მარტივად, 3:0 იმარჯვა და პირველი ნახევარფინალისტიც გახდა.

შეხვედრას ორი განსხვავებული ტაიმი ჰქონდა. პირველი მეოთხედის შუაწელს მასპინძლები გააქტიურდნენ და საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს, რაც 11-ქულიან უპირატესობაში აისახა. დელტამ გაიბრძოლა და მეოთხედი მხოლოდ 6 ქულით (18:24) წააგო. თბილისელები უპირატესობას მეორე ათწუთეულშიც ინარჩუნებდნენ. სტუმრები ბევრს ცდილობდნენ და მეტოქეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, მასპინძლებმა ტაიმი 49:42 მოიგეს. 

მეორე ტაიმში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მარნეულელები გააქტიურდნენ, 13:0 გაქცევა და წინ უკვე სწორედ დელტა იყო. ამჯერად, ანგარიშის გათანაბრებაზე ზრუნვა მასპინძლებს უწევდათ, რაც აღარ გამოუვიდათ. მეტიც, სტუმრებმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს და დასკვნითი მეოთხედის წინ, 10 ქულით გალიდერდნენ – 69:59. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, დელტას უპირატესობა 19 ქულამდეც გაიზარდა, თუმცა, დარჩენილ დროში მასპინძლებმა 5 ქულა მოიპოვეს და მხოლოდ 14 ქულით წააგეს – 76:90.

დიდი სხვაობით მარცხის მიუხედავად, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ადრიან ბოუი გახდა, ვინც 27 ქულა მოაგროვა. 17 ქულით მხარი კახაბერ ჯინჭარაძემ აუბა. დელტას მხრიდან, 24 ქულით, საბა ლობჯანიძე გამოირჩა. 12 ჰქონდა ოთარ ფხაკაძეს.

სერიის მეორე შეხვედრები 14 მაისს გაიმართება. ქუთაისში გუნდები 18:30 საათზე ითამაშებენ, ხოლო ნახევარ საათში მგზავრები დელტასთან ანგარიშის გათანაბრებას შეეცდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები