სუპერლიგა

 2018/17/05 21:26

სუპერლიგა
ქუთაისელთა კრახი ოვერტაიმში, რუსთავი ფინალს მიუახლოვდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სუპერლიგის ნახევარფინალური ეტაპი რუსთავში გაგრძელდა. ადგილობრივმა გუნდმა ქუთაისი მიიღო. მოგეხსენებათ, გასულ ორ შეხვედრაში გუნდებმა მოგებები გაცვალეს. ამჯერად, რუსთავმა ოვერტაიმში იმარჯვა (76:64) და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრა მწირქულიანი გამოვიდა, რაც თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარეობდა. პირველ მეოთხედში თანაბარი თამაში ვიხილეთ, რომელიც მასპინძლებმა ორი ქულით მოიგეს – 15:13. ამის შემდეგ ქუთაისმა ლიდერობა მოიპოვა. 8 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ შენარჩუნება ვერ შეძლო. ტაიმის დასასრულისკენ, 30 წამის განმავლობაში, რუსთავმა 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა და შესვენებაზე მინიმალური სხვაობით გავიდა – 33:32.

თამაშის განახლებისთანავე, სტუმრები წინ გავიდნენ და მთელი მეოთხედი უპირატესობა არ დაუთმიათ. მაგრამ დიდი გაქცევა ვერ მოაწყვეს. ბოლო წამზე, აკაკი დვალიშვილის საშუალოთი, ქუთაისი 7 ქულით გავიდა წინ – 52:45. გადამწყვეტ ათწუთეულშიც ქუთაისი კარგად გამოიყურებოდა. თამაშის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, 5 ქულით იგებდნენ. ნელსონის ორქულიანით სხვაობა შემცირდა.

9 წამით ადრე, სტუმრები სამი ქულით იგებდნენ, შეტევა კი რუსთავს დარჩა. უკანასკნელ წამზე ბექა წივწივაძე დაჯარიმდა, რასაც 3 სროლა მოჰყვა. კაპიტანმა სამივე საჯარიმო ცივსისხლიანად შეასრულა და გუნდი წაგებისგან იხსნა – 63:63.

ოვერტაიმში ქუთაისი გატყდა. გუნდს არაფერი გამოუვიდა და მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. რუსთავმა კი 13 ჩააგდო და თამაშიც მოიგო – 76:64.

მასპინძლებს ადამ ბლეიზეკმა ულიდერა – 26 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი. 22 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა მეორე ლეგიონერმა, ტაირელ ნელსონმა.

ქუთაისელთა მხრიდან 21 ქულით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა, 20 კი დე ჟუან რაითის ანგარიშზეა. 

მორიგი შეხვედრა 18 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები