ლეგიონერები

 2019/16/08 03:02

ლეგიონერები
ქართველები ევროპა ლიგის ფლეი-ოფში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. ქართულ გუნდებთან ერთად, ლეგიონერებმაც იასპარეზეს და უმრავლესობა მათგანი ფლეი-ოფშიც გავიდა.

სამწუხაროდ, გიორგი მჭედლიშვილისა და გუგა ფალავანდიშვილის ვენტსპილსი გიმარაეშთან უშანსოდ, ორი მატჩის ჯამში, 0:9 განადგურდა. ქართველებმა ორივე მატჩში სასტარტოდან დაიწყეს. პირველში ორივე მათგანი შეცვალეს და ფალავანდიშვილმა ყვითელიც მიიღო. განმეორებითში კი, სრულად ითამაშეს.

ასპარეზობას ლაშა შინდაგორიძის შახტიორ სოლიგორსკიც გამოეთიშა. მათ ტორინოსთან, ორი მატჩის ჯამში, 1:6 წააგეს. ბელარუსული კლუბის ახალწვეული ორივე მატჩში განაცხადს მიღმა დარჩა.

ფლეი-ოფში ვაკო გვილიას ლეგია ითამაშებს. პოლონეთში უგოლო ფრის შემდეგ, ათრომიტოსთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში ჩვენებურმა გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა და საკუთარ გუნდს მოაგებინა. ფლეი-ოფში ლეგია სტივენ ჯერარდის რეინჯერს შეხვდება, რომელმაც მიდტიულანდი 7:3 დაამარცხა.

შემდეგ ეტაპზეა ჯანო ანანიძის სპარტაკი. მოსკოველებმა სტუმრად თუნი 3:2 დაამარცხეს, ხოლო შინ 2:1 იმარჯვეს. პირველ შეხვედრაში ჩვენებურმა ძირითადში დაიწყო და მე-60 წუთზე ანდრე შურლემ შეცვალა, ხოლო მეორე მატჩში საპირისპირო ცვლილება განხორციელდა. მოსკოველებს ჯგუფურ ეტაპზე სათამაშოდ ბრაგას ბარიერის დაძლევა მოუწევთ. პორტუგალიელებმა ბრონდბიუს 7:3 მოუგეს.

ტრავმის გამო, ზაურ მახარაძე ზორიას სოფიის ცსკა-სთან ვერ დაეხმარა, მაგრამ უკრაინელებმა ორი მატჩის ჯამში, 2:1 იმარჯვეს და ფლეი-ოფში ესპანიოლს შეხვდებიან, რომელმაც ოთარ კაკაბაძის ლუცერნი 6:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა ორივე მატჩი სრულად ითამაშა.

სამი გიორგის გენტს ჯგუფურ ეტაპზე თამაშის შესანიშნავი შანსი აქვს. ბელგიელებმა აეკ ლარნაკას 4:1 მოუგეს. გიორგი ქვილითაია მეორე შეხვედრაში სათადარიგოზე იყო, მაგრამ მოედანზე არ შეუყვანიათ. გენტის მორიგი მეტოქე რიეკა იქნება, რომელმაც აბერდინს ორივე მატჩი 2:0 მოუგო. 

ფლეი-ოფში ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი ლაშა დვალის ფერენცვაროშიც იასპარეზებს. უნგრელები ზაგრების დინამოსთან (1:5) დამარცხდნენ და ფლეი-ოფში სუდუვას შეხვდებიან, რომელმაც მაქაბის 4:2 მოუგო.

ფლეი-ოფის პირველი შეხვედრები 22, ხოლო განმეორებითები 29 აგვისტოს გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები