ფრენბურთი

 2018/02/06 23:51

ფრენბურთი
ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ავტორი
ირაკლი გოგავა

საქართველოს ფრენბურთელ ქალთა ნაკრებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ევროლიგის ვერცხლის ჯგუფში და პირველი გამარჯვება მოიპოვა. პაატა ულუმბეგაშვილის გაწვრთნილების მეტოქე ისრაელის ნაკრები იყო, რომლთანაც სტუმრად 1:3 წააგეს, მაგრამ შინ სრულფასოვანი რევანში აიღეს და მეტოქე 3:0 (25:21, 25:18, 25:22) დაამარცხეს.

ჩვენებმა კარგად დაიწყეს მატჩი და პირველ სეტში 10:3 დაწინაურდნენ, მაგრამ ერთ მომენტში მაინც ანერვიულეს გულშემატკივრები, როდესაც ანგარიში 19:17 გახდა. თუმცა, იქვე, ზედიზედ ოთხი ქულა აიღეს და სეტის ბედი გადაწყვიტეს.

მეორე სეტი თანაბრად დაიწყო, მაგრამ ერთ მომენტში სტუმრები 12:7 დაწინაურდნენ. დროული წუთშესვენება და მოედანზე სხვა საქართველოს ნაკრები გამოვიდა. დარჩენილ დროში მეტოქეს მხოლოდ ექვსი ქულა ააღებინა, თავად კი 18 მიითვალა.

მესამე სეტიც სტუმართა უპირატესობით დაიწყი და 5:2 დაწინაურდნენ. ჩვენებმა ჯერ მეტოქის მოწოდება აიღეს, შემდეგ ხაზზე ანა კალანდაძე დადგა და ზედიზედ ხუთი ქულა მიითვალა – 8:5. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები ამ უპირატესობას აკონტროლებდა და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

ჯგუფურ ეტაპზე ხუთი ტური მიილია და საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ცხრილის სათავეში ავსტრიაა, რომელსაც 13 ქულა აქვს. 11 ქულით, მეორე ადგილზე ალბანეთის ნაკრებია, რომელსაც სტუმრად 6 ივნისს ვეთამაშებით და წლევანდელ ევროლიგას დავასრულებთ. სავარაუდოდ, პაატა ულუმბეგაშვილის გაწვრთნილი გუნდი მესამე ადგილს დასჯერდება. თუმცა, გუნდში იგრძნობა პოტენციალი და მომავალში მეტის იმედი უნდა გვქონდეს.

პაატა ულუმბეგაშვილი:

– ეს თამაში, რომელიც გოგონებმა დღეს აჩვენეს მაყურებელს, კიდევ არ არის ის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. თუმცა, თავისთავად, ცხადია, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ. კარგი თამაში აჩვენეს და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ მოუმატებენ.

ჯგუფში ერთი თამაში დაგრჩათ, რომელიც სატურნირო ცხრილში, ფაქტობრივად, არაფერს შეცვლის. როგორ შეაფასებთ მიმდინარე ციკლს?

– სამწუხაროდ, ამ ციკლს ტრავებით შევხვდით. დღესაც, 2-3 გოგო ტრავმიანი თამაშობდა, მაგრამ მაქსიმუმი გაიღეს მოსაგებად. ვფიქრობ, სხვა თამაშებშიც გვექნებოდა შანსი, ყველა ჯანმრთელი რომ ყოფილიყო. თუმცა, ახალგაზრდა, მზარდი გუნდია და მომავალში შევეცდებით, უფრო გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი.

ისრაელთან მატჩში ერთ-ერთი სასიამოვნო აღმოჩენა იყო ანა ბაცაცაშვილი, რომელიც 17 წლის სექტემბერში გახდება.

ანა ბაცაცაშვილი:

– სასიხარულოა, რომ მოვიგეთ. ყველამ მოვინდომეთ მოთამაშეებიან-მწვრთნელებიანად. კარგი თამაში ვაჩვენეთ და შედეგიც კარგი დავდეთ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები