სხვადასხვა

 2019/08/08 23:57

სხვადასხვა
პატარა წარმატება, დიდი სიხარული და ისევ იმედგაცრუება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ფეინოორდი-დინამო თბილისი 4:0 

როტერდამი.დე კუიპი

1:0 სინისტერა (43) 2:0 კობოური (82 ს.კ) 3:0 ბერგისი (85) 4:0 ნარსინგი (88) 

ფეინოორდი: ვერმეერი, ნაიევკუპი (46.გეერტრუიდა), ბოტეგინი, ვან დერ ჰეიდენი, ჰაპსი, კოკსუ, ტაპია (77.ბურგერი), ფერი, სინისტერა (72.ნარსინგი), ლარსონი, ბერგუისი. 

დინამო თბილისი: პერალესი, რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე, ნინუა, პაპავა, კუხიანიძე (77.ქარდავა), ქავთარაძე (87.კარიკარი), შენგელია (46.შულაია), კუტალია. 

გაფრთხილება: კუტალია (36) ტაპია (51) ქიმაძე (65) ჰაპსი (68) შულია (76) შულაია (79) 

გაძევება: შულაია (79) 

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თბილისის დინამო „დე კუიპზე“  როტერდამის ფეინოორდს დაუპირისპირდა და  0:4 განადგურდა.  ფეინოორდი თავიდანვე დიდ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და ჩისკო მუნიოსის გუნდი საჯარიმოს მიაჯაჭვა. დინამო მთელი გუნდით დაცვაში იდგა და როტერდამელთა სწრაფი, ტექნიკური შემტევების გაჩერება ძალიან უჭირდა. 

ტაიმის მიწურულს, დინამოს კარში გოლი მწიფდებოდა და გავიდა კიდეც. ფეინოორდის შემტევებმა, სემ ლარსონმა, სტივენ ბერგისმა და ლუის სინისტერამ  საჯარიმოში ბურთი იდეალურად გაითამაშეს და ამ უკანასკნელსაც  ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. 

დინამოს პრობლემებს ისიც დაემატა, რომ მცირე ტრავმის გამო, პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან შენგელიამ მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო. ის აკაკი შულაიამ შეცვალა, რაც, როგორც გამოჩნდა, დამღუპველი იყო. მოედანზე შესვლის შემდეგ, აკაკი შულია მხოლოდ ორჯერ ჩაერთო თამაშში. ჯერ აბსოლუტურად გაუაზრებელი ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი, ბერგისს ეუხეშა და  შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, სერგი ბოიკომ, მოედნიდან გააძევა. 

ამ ფაქტის შემდეგ, დინამო საერთოდ მოიშალა. გუნდმა ბავშვური შეცდომების დაშვება დაიწყო და ჰოლანდიელებმაც გაილაღეს. დავით კობოურის ავტოგოლს როტერდამელებმა სტივენ ბერგისის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი და ლუსიანო ნარსინგის გოლი მოუმატეს, რითაც ანგარიში გამანადგურებლად აქციეს და განმეორებით მატჩს, რომელიც თბილისში გაიმართება, ყოველგვარი ინტრიგა მოუკლეს. 

საბოლოოდ, დინამო ბოლო წლებთან შედარებით, ნამდვილად კარგი გუნდია, თუმცა, გაბალა და ენგორდანი გუნდის რეალური ძალის შესაფასებლად არ გამოდგება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები