სხვადასხვა

 2019/04/08 15:53

სხვადასხვა
პარი სენ-ჟერმენი და დორტმუნდი ქვეყნის სუპერ თასებს დაეუფლნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატიდან ორში სუპერ თასის ფინალები გაიმართა. საფრანგეთში მისი მფლობელი პსჟ, ხოლო გერმანიაში დორტმუნდი გახდა.

პარიზელებმა ფინალში რენი 2:1 დაამარცხეს. გასულ სეზონში, ეს გუნდები საფრანგეთის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და პენალტების სერიაში რენმა მოიგო.

სუპერ თასი პარიზელებისათვის ცუდად დაიწყო – მე-13 წუთზე, ჰონუს გოლით, რენი დაწინაურა, რის შემდეგაც ტომას ტუხელის შეგირდებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა, მაგრამ მეორეში პსჟ-მ ორჯერ გაიტანა. 57-ე წუთზე მბაპემ ცარიელ კარში შეაგდო, ხოლო წერტილი შეცვლაზე შესულმა ანხელ დი მარიამ დასვა – 2:1. პარიზელებმა ტიტული მეცხრედ მოიგეს.

გერმანიაში ერთმანეთს ბაიერნი და დორტმუნდი დაუპირისპირდნენ. „რეკორდმაისტერის“ უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, დორტმუნდელებმა 2:0 იმარჯვეს. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში პაკოსა და სანჩოს გოლებით „შავ-ყვითლებმა“ სუპერ თასის მე-6 ტიტული მოიპოვეს.

უახლოეს მომავალში კიდევ „დიდი“ სუპერ თასი გველოდება. ინგლისში ერთმანეთს ლივერპული და მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დღეს, 18:00 საათზე „უებმლიზე“ გაიმართება.

ესპანეთში და იტალიაში მოგვიანებით, 2020 წლის იანვარში ითამაშებენ, რომელთა თამაშებიც საუდის არაბეთში გაიმართება. ესპანეთში ფორმატი შეიცვალა და სუპერ თასის მოსაპოვებლად 4 გუნდი იბრძოლებს. ესენია: ბარსელონა, ვალენსია, ატლეტიკო და რეალი. ნახევარფინალში „ელ კლასიკო“ გველის, მატჩი 9 იანვარს გაიმართება, ხოლო წინა დღით თასის გამარჯვებული ვალენსია და ატლეტიკო ითამაშებენ.

13 იანვარს ერთმანეთს იუვენტუსი და ლაციო დაუპირისპირდებიან.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები