სუმო

 2019/16/06 15:03

სუმო
ტოჩინოშინი: მთავარი მიზანი შევასრულე!
ავტორი
ტატო ნიკურაძე

1-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, თბილისის დროით 11:30 საათზე დაეშვა. ლევანს აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. 

როგორც ლევანმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, განვლილი ბაშოს მიმდინარეობისას მან მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც ბოლო ბრძოლები არცთუ დამაჯერებლად ჩაატარა:

– ბაშოს მიმდინარეობისას ტრავმა მივიღე, მენისკი გამიმიზეზდა, რამაც გამოიწვია ის რომ ბოლო ბრძოლები დამაჯერებლად ვერ ჩავატარე. ასევე, იყო  შიმპანების არასწორი გადაწყვეტილება ასანოიამასთან შეხვედრისას, რომელიც თავადაც აღიარეს შემდეგ.მართალია ჩემპიონობის შანსი დავკარგე, მაგრამ მთავრი მიზანი რაც მქონდა ბაშოს დაწყების წინ, ოძეკობის დაბრუნება წარმატებით შევასრულე. 

ბოლო ორი დღე ძალიან რთული ბრძოლები მქონდა დარჩენილი – ოძეკი ტაკაიასუ და იოკოძუნა კაკურიუ, საიდანაც ერთი აუცილებლად უდა მომეგო. იმ დღეს ფსიქოლოგიურად არ ვიყავი კარგად, რადგან ზედიზედ სამი მარცხი მქონდა, მაგრამ უფლის წყალობით შევძელი მონღოლი გოლიათის ძლევა.

საქართველო ხუთი დღით ჩამოვედი.21-ში გავემგზავრები იაპონიაში და უკვე მეორე დღეს დავიწყებ ბრძოლას ნაგოია ბაშოსთვის. 

ლევანს აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ. ტოჩის დედამ, ნუნუ მარქარაშვილმა, Sport24-ისთვის მცირე კომენტარი გააკეთა:

– ძალიან ამაღალვებელია, როდესაც შენი შვილი ამხელა წარმატებას მიაღწევს და ამდენ ადამიანს სიხარულს მიანიჭებს. დიდი მადლობა თითოეულ  ადამიანს, ვინც ლევანის სიხარულს იზიარებს. 

ცოტა ხნის წინ, სპეცალურად ტოჩინოშინისთვის, იაპონიიდან საქართველოში ჩამოვიდა კატო იასიმი, რომელიც უკვე დიდი ხანია ქართველ სუმოისტს ქომაგობს:

– ის ძალიან ძლიერი რიკიშია. ყველასგან გამორჩეული და ლამაზი საბრძოლო სტილი აქვს. რომ არა ხშირი ტრავმები, ის უფრო დიდ წარმატებებსაც მიაღწევდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს მისი სახით პირველი ქართველი იოკოძუნა ვიხილო. 

შეგახსენებთ, ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე 15 დან 10 ბრძოლა მოიგო და ოძეკის წოდება დაიბრუნა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები