სხვადასხვა

 2019/14/08 21:54

სხვადასხვა
ოცნება ისევ ოცნებად დარჩა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საბურთალო - არარატ-არმენია 0:2 

თბილისი.მიხეილ მესხი 

0:1 კობიალკო (10) 0:2 ავეტისიანი (67) 

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (60.როლოვიჩი), ლაკვეხელიანი, დიასამიძე (58.ყენია), რეხვიაშვილი, ტერა, კაკუბავა (69.გორგიაშვილი), ალთუნაშვილი. 

არარატ-არმენია: აბაკუმოვი, მენესესი, პაშოვი, მალაკიანი (70.ანტონოვი), ამბარტსუმიანი (56.ავეტისიანი), გაზი, აჩენტაჰი, ნარსინგი, კობიალკო, ალფონსი, ლიმა. 

გაფრთხილება: ალთუნაშვილი (21) ტერა (32) ლაკვეხელიანი (33) გაზი (34) კობიალკო (37) პაშოვი (52) გაბედავა (56) მიგინეიშვილი (65).

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი საბურთალო ერევნის არარატ-არმენიასთან 0:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. საბურთალოს პირველი მატჩი ერევანში 2:1 ჰქონდა მოგებული და ასეთ დროს, ამ დონის გუნდთან უფრო შემტევი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. დღეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თავისი ფეხბურთი ვერ აჩვენა და დავისაჯეთ კიდეც. 

მატჩის სტარტზე საბურთალო ბურთს მეტად აკონტროლებდა, მაგრამ მომენტების შექმნა ჭირდა. სომხებმა კი, პირველივე მომენტი გოლად აქციეს. ფურჯელ ნარსინგმა მარჯვენა ფლანგზე მოუგო პოზიციური ორთაბრძოლა ნიკოლოზ მალის და საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელზეც ყველას ანტონ კობიალკომ დაასწრო და ანგარიში გახნსა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი მატჩის განმავლობაში, საბურთალოს მცველები და მეკარე არცთუ დამაჯერებლად მოქმედებდნენ. გიორგი კოხრეიძე კი, შეტევით ფაზაში ზედმეტს იღებდა საკუთარ თავზე. საბურთალოს პირველი რეალური საგოლე მომენტი ტაიმის მიწურულს ჰქონდა. საჯარიმოს მისადგომებიდან გიორგი გაბედავა ურტყამდა კარში, მაგრამ არარატ-არმენია დმიტრი აბაკუმოვმა იხსნა. 

მეორე ტაიმში საბურთალოს შემადგენლობაში ლევან ყენია გამოჩნდა მოედანზე, რომელმაც თამაში ნამდვილად გაამწვავა და თითქოს, სომხების კარში გოლიც მწიფდებოდა, მაგრამ გოლი საწინააღმდეგოდ გავიდა. გიორგი კოხრეიძემ მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა და საბოლოოდ, პენალტი აიკიდა. 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად პეტროს ავეტისიანმა შეასრულა და ქართველი გულშემატკივრის ოცნება, წელს მაინც მოხვედრილიყო რომელიმე ქართული გუნდი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე,  ისევ ოცნებად დარჩა. 

დარჩენილ დროში საბურთალო ბევრს ცდილობდა, მაგრამ ამაოდ.

საბოლოოდ, 0:2 და საბურთალო ევროპა ლიგას დაემშვიდობა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები