ჩოგბურთი

 2018/10/10 12:28

ჩოგბურთი
ნიკას გასაღებს ზვერევმა მიაგნო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სამწუხაროდ, ნიკასთვის შანხაის მასტერსი დასრულდა. ზედიზედ მოგებული 6 თამაშის შემდეგ, მისი შეჩერება, 1/16 ფინალში, ალექსანდერ ზვერევმა შეძლო. 

ჩვენებური ურიგოდ არც გერმანელთან გამოიყურებოდა, მაგრამ გადამწყვეტი როლი მეტოქის სიძლიერემ და ნიკას გადაღლილობამ ითამაშა. 22-გეიმიანი შეხვედრა, საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.

მატჩის სტარტზევე, ზვერევმა მესამე ცდით დააბრეიქა, თუმცა, ნიკამ ჩაწოდება უმალვე დაიბრუნა. მომდევნო 5 გეიმი მოთამაშეებმა უპრობლემოდ მოიგეს და მე-8-ში გარდამტეხი მომენტი დადგა. ბასილაშვილს სამმაგი ბრეიქ ფოინთი ჰქონდა და ვერ გამოიყენა. არადა, მოგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, სეტსაც სათავისოდ დაასრულებდა. გამოუყენებლობის გამო, დაისაჯა, მე-11 გეიმში ზვერევმა პირველივე ცდით დააბრეიქა და საკუთარი ჩაწოდება მშრალად მოიგო – 7:5.

მეორე სეტში ნიკას უფრო გაუჭირდა და მესამე გეიმი კვლავ დათმო. მეხუთეში ზვერევს მორიგი ბრეიქის შანსი მიეცა, მაგრამ ჩვენებურმა უკეთ ითამაშა. საბოლოოდ, მეტი ბრეიქი აღარ ყოფილა და გერმანელმა მეორე სეტი 6:4 მოიგო, რის შემდეგაც, 1/8 ფინალში გავიდა.

ზვერევის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ნიკას ნახევარფინალში გასვლა თავისუფლად შეეძლო. 1/8 ფინალში დე მინაუს შეხვდებოდა, ხოლო 1/4 ფინალში ნიკოლას ჰარისა და კაილ ედმუნდს შორის გამარჯვებულს. ორივე მათგანი უახლოეს პერიოდში ჰყავდა ნიკას დამარცხებული. სამწუხაროდ, მსგავსი გზის გავლა ზვერევს მოუწევს.

ლაივ ცხრილში ჩვენებური 23-ე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა, მისი დაკარგვის საფრთხე მაინც არის. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები