A ლიგა

 2018/25/04 16:44

A ლიგა
თსუ-ჰიუნდაი სუპერლიგაშია!
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ა-ლიგის ფლეი-ოფის ფინალურ ეტაპზე, მეოთხე შეხვედრაში ტიტებმა თსუ-ჰიუნდაი მიიღეს. წაგებული პირველი ორი მატჩის შემდეგ, მესამეში მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს, ამჯერად კი გათანაბრებაზე წაიწიეს, რაც თითქმის გამოუვიდათ, თუმცა საბოლოოდ, მაინც თსუ-ჰიუნდაიმ იმარჯვა (68:60) და სუპერლიგაში აღზევდა.

შეხვედრა, სტატუსის გათვალისწინებით, ძალიან დრამატული და დაძაბული აღმოჩნდა. ამის ფონზე, გუნდებს ქულების მოპოვება უჭირდათ, მაგრამ დარბაზში შეკრებილმა 400-მა მაყურებელმა ნამდვილი ფინალი იხილა.

მატჩი სტუმართა აქტიურობით დაიწყო. მათ წინ გასვლა მოახერხეს და ლიდერობის შენარჩუნებაც კარგად გამოსდიოდათ. საბოლოოდ, მეოთხედი მინიმალური სხვაობით მოიგეს – 20:19. მეორე ათწუთეულში თანაბარი თამაში წავიდა, ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა მიწურულს, სტუმრებმა ჩავარდნა იწყეს. 3 წუთის განმავლობაში, ქულა არ ჰქონდათ ჩაგდებული, სამაგიეროდ, ტიტებმა 8 ქულა ჩააგდო და ტაიმი 38:30 მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ, იგივე სენი დაეწყოთ მასპინძლებს. მათ 4 წუთზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ზუსტი ნასროლი, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ლიდერობა დაიბრუნეს. ტიტებს გაახსენდათ, რომ მოსაგები ჰქონდათ და გააქტიურდნენ, რასაც უმალვე წინ გასვლა მოჰყვა. საბოლოოდ, მესამე მეოთხედის შემდეგ, ფრე დაფიქსირდა – 49:49. წინ კი ყველაზე დაძაბული ათწუთეული ელოდა მაყურებელს. სასწორზე სუპერლიგის საგზური იდო. ყველაფერი თავიდან დაიწყო. გუნდებმა თანაბარი თამაში აჩვენეს, თუმცა, მასპინძლებს კვლავ ჩავარდნა დაეწყოთ, რითაც თსუ-ჰიუნდაიმ ისარგებლა და უპირატესობა ხელთ იგდო. 3 წუთ-ნახევრის შემდეგ ანგარიში 62:57 იყო, სტუმართა სასარგებლოდ. 2 წუთის განმავლობაში გუნდებმა ქულები ვერ მოიპოვეს. ტიტებმა გამიზნული ჯარიმების აღება დაიწყეს. კრისტოფერ ანდერსონმა ორივე საჯარიმო გამოიყენა, სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა და მეტოქეს მცირე შანსი დაუტოვა, მაგრამ მათ ვერ შეირგეს. სტუმრებმა 68:60 იმარჯვეს.

თსუ-ჰიუნდაის კვლავ სტანოიე კნეჟევიჩმა ულიდერა. სერბი ამ სეზონში, საშუალოდ, 19,2 ქულას აგროვებდა. ამჯერად კი მისმა მონაგარმა 24 ქულა შეადგინა, ამას 11 მოხსნაც დაუმატა და MVP-ს ტიტული არავის დაუთმო. მას მხარი 18 ქულით სანდრო სანაძემ აუბა. ტიტების მხრიდან, 19 ქულითა და 8 მოხსნით კაჰიმ რაშად რენსომი გამოირჩა. 17 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ანტუან სპეისს.

მომავალ სეზონში თსუ-ჰიუნდაი სუპერლიგაში იასპარეზებს, ხოლო ტიტები ამ საგზურისთვის სოხუმს შეეცილებიან.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები