სხვადასხვა

 2019/05/09 18:41

სხვადასხვა
მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადანაწილდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გაირკვა იმ 16 ნაკრების ვინაობა, რომლებიც მეორე რაუნდში იასპარეზებენ.

პირველ ეტაპზე რამდენიმე მოულოდნელობა დაფიქსირდა. უპირველესი გერმანიის ჩარჩენაა. დენის შროდერმა და კამპანიამ დომინიკის რესპუბლიკასთან მოულოდნელად წააგო, რაც ჩარჩენის მომასწავებელი იყო. ამასთან, მედლებისთვის ვერც მასპინძელი ჩინეთი იბრძოლებს, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ვენესუელას ვერ აჯობა. ასევე მოულოდნელი იყო საბერძნეთის ბრაზილიასთან მარცხი, თუმცა, მესამე ტურში გამარჯვების შემდეგ, იანის ანტეტოკუმპოს გუნდი მეორე რაუნდში ითამაშებს.

ფლეი-ოფების წინ, 16-ვე ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდა, სადაც პირველ რაუნდში მოპოვებული ქულებიც გადაჰყვათ. საწყის ეტაპზე ერთ ჯგუფში მყოფი ნაკრებები ერთმანეთს აღარ შეხვდებიან. შესაბამისად, ჯგუფში 2 თამაშს ჩაატარებენ. თავის მხრივ, კლასიფიკაციის რაუნდში ის ნაკრებები იასპარეზებენ, რომლებიც მედლებისთვის ვერ იბრძოლებენ.

მეორე ეტაპზე ნაკრებები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

I ჯგუფი: არგენტინა (6 ქულა), პოლონეთი (6 ქულა), ვენესუელა (5 ქულა), რუსეთი (5 ქულა); 

J ჯგუფი: სერბეთი (6 ქულა), ესპანეთი (6 ქულა), იტალია (5 ქულა), პუერტო რიკო (5 ქულა);

K ჯგუფი: აშშ (6 ქულა), ბრაზილია (6 ქულა), საბერძნეთი (5 ქულა), ჩეხეთი (5 ქულა);

L ჯგუფი: საფრანგეთი (6 ქულა), ავსტრალია (6 ქულა), ლიეტუვა (5 ქულა), დომინიკის რესპუბლიკა (5 ქულა).

წინ უშეღავათო ბრძოლები გველის. ჯგუფიდან 2-2 ნაკრები გავა, რომლებიც მეოთხედფინალში იასპარეზებენ. პირველი შეხვედრები 6 სექტემბერს გაიმართება. სათამაშო დღე 12:00 საათზე რუსეთისა და პოლონეთის მატჩით გაიხსნება, რასაც ნახევარ საათში სერბეთისა და პუერტო რიკოს შეხვედრა მოჰყვება. 16:00 საათზე არგენტინა ვენესუელას შეხვდება, ხოლო 16:30 საათზე ცენტრალური დაპირისპირება, ესპანეთსა და იტალიას შორის გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები