სხვადასხვა

 2019/10/09 19:17

სხვადასხვა
მსოფლიო ჩემპიონატს ერთ-ერთი ფავორიტი დაემშვიდობა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია. დღეს 1/4-ფინალური ეტაპები გაიმართა, რის შემდეგაც, ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გამოვლინდა.

პირველ შეხვედრაში, აშშ-ის შემდეგ, ტურნირის მეორე ფავორიტმა, სერბეთის ეროვნულმა გუნდმა იასპარეზა. ჯორჯევიჩის შეგირდებმა პირველ ეტაპზე ყველაზე სტაბილური გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ასპარეზობას გამოეთიშნენ. მათი გამოგდება არგენტინამ შეძლო, რომელმაც მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და მრისხანე მეტოქეს სამი მეოთხედი მოუგო. მათ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, თუმცა, მეტოქე გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. მეორე მეოთხედში უპირატესობა 8 ქულამდე გაიზარდა და საბოლოოდ, არგენტინელებმა ტაიმი 54:49 მოიგეს.

დიდი შესვენების შემდეგ, ევროპელები გააქტიურდნენ და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამორჩენის შემცირება დაიწყეს. დასკვნითი მეოთხედის წინ სხვაობა 1 ქულას შეადგენდა – 68:67. ამის შემდეგ, სერბებმა მათთვის ყველაზე დიდი (2-ქულიანი) უპირატესობა მოიპოვეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. არგენტინა დაიქოქა და რამდენიმე გაქცევის შედეგად, უპირატესობა 11-ქულამდეც გაზარდეს, ხოლო საბოლოოდ 97:87 იმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

მეორე შეხვედრაში სენსაცია არ დაფიქსირდა, მაგრამ პოლონეთმა ესპანეთს არაფერი დაუთმო. პოლონელებმა კარგად დაიწყეს და ორჯერაც გალიდერდნენ, რის შემდეგაც ესპანეთს უპირატესობა აღარ დაუთმია. თუმცა, მეტოქე მოდუნების საშუალებას არ აძლევდა და ყოველი გაქცევის შემდეგ, პოლონელები პასუხის გაცემას ახერხებდნენ. ესპანელებმა ტაიმი 46:41 მოიგეს. მეორე ნახევარში ბევრი რამ გადაწყდა, როდესაც სკარიოლოს შეგირდების უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა. პოლონეთი ბევრს ეცადა, ჩამორჩენა 4 ქულამდეც შეამცირა, თუმცა, უხეში შეცდომების გამო, 12 ქულით დამარცხდა – 78:90.

ხვალ მორიგი სათამაშო დღეა, სადაც დარჩენილი ორი ნახევარფინალისტი გაირკვევა. ტურნირის მთავარი ფავორიტი, ამერიკის შეერთებული შტატები, გადაღლილ საფრანგეთს 15:00 საათზე შეხვდება, ხოლო ავსტრალია ჩეხეთს 17:00 საათზე დაუპირისპირდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები