ეროვნული ნაკრებები

 2019/14/07 23:29

ეროვნული ნაკრებები
ახალგაზრდული ნაკრები ფლეი-ოფს მიუახლოვდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

კალათბურთის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მორიგ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდა, რომელმაც გუშინ სომხეთი 149:26 გაანადგურა და ჩვენთან შეხვედრაში ფავორიტადაც მოიაზრებოდა.

აუტსაიდერად მიჩნეულმა საქართველოს ნაკრებმა მორიგი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი ბიჭები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და შვედები წინ მხოლოდ ერთხელ, ისიც პირველ მეოთხედში იყვნენ, რომელიც 23:16 მოვიგეთ.

მეორე მეოთხედში მეტოქე გააქტიურდა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეო. ტაიმი საქართველოს გამარჯვებით, 38:34 დასრულდა.

გადამწყვეტი უპირატესობა დიდი შესვენების შემდეგ მოვიპოვეთ, რა დროსაც ჰანდიკაპი 10 ქულას გადასცდა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ, ანგარიში 55:42 იყო. მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდები დიდ უპირატესობას შეხვედრის მიწურულამდე ინარჩუნებდნენ. ბოლოსკენ შვედეთი გააქტიურდა, ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და საქართველოს ნაკრებმა მესამე გამარჯვება მოიპოვა – 73:64. 

ნაკრებს 20 ქულით, 10 მოხსნითა და 7 პასით რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერა. 10 ქულა ლუკა მაზიაშვილის ანგარიშზეა. 9 ქულა ზურაბ ჟღენტმა მოაგროვა.

ჯგუფში საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ერთადერთია, რომელსაც მარცხი არ აქვს. ფლეი-ოფში გასასვლელად დარჩენილი ორიდან ერთი შეხვედრის მოგებაა საჭირო. მორიგი მეტოქე ერთ-ერთი აუტსაიდერი, კოსოვოს ნაკრებია. შეხვედრა 16 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები