ასაკობრივი ნაკრები

 2019/27/06 22:11

ასაკობრივი ნაკრები
მიხეილ ალანია: ვფიქრობ, მეტი შეგვეძლო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ორი მოგებითა და სამი მარცხით, მეათე ადგილზე დაასრულა და შარშანდელ ტურნირზე თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. საქართველოს ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ელიტაში ასვლის შემდეგ, ზედიზედ 4 წელი შეძლო 12 საუკეთესო გუნდში ადგილის შენარჩუნება. 

აღნიშნულ ტურნირზე „უმცროსი ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში არაერთი საინტერესო და გამორჩეული მოთამაშე ვიხილეთ, რომლებმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და დიდი ალბათობით, ისინი მალე ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც გამოჩნდებიან. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს 20-წლამდელთა  ნაკრებისა და მარნეულის არმაზის ნახევარმცველი მიხეილ ალანია გახლდათ, რომელიც მომდევნო სეზონიდან კარიერას ფრანგულ ორიაკში გააგრძელებს. Sport24  მიხეილს დაუკავშირდა. ჩვენ მას განვლილი ჩემპიონატისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვესაუბრეთ. 

– მიხეილ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. მთავარი მიზანი, რაც ელიტარულ 12 გუნდში ადგილის შენარჩუნება იყო, წარმატებით შეასრულეთ და მომავალ წელს, ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებთ მსოფლიო ჩემპიონატზე. თქვენ როგორ შეაფასებთ განვლილ ტურნირს?

– მე პირადად, არცთუ კმაყოფილი ვარ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის გამოსვლით. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ზედიზედ მეოთხედ შევძელით ელიტარულ 12 გუნდში ადგილის შენარჩუნება და მომავალ წელსაც ვითამაშებთ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ვფიქრობ, გაცილებით მეტი შეგვეძლო. ზოგჯერ, თუნდაც სამხრეთ აფრიკასთან, ფიჯისთან, შოტლანდიასთან კარგი სალელოვე და შესატევი პლასტარმი გვქონდა, მაგრამ ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი დაგვიგროვდა გადაცემებში, ხშირი იყო წინ დავარდნილი ბურთები, რასაც მატჩის შედეგზეც და მიმდინარეობაზეც ჰქონდა გავლენა. 

წელს ბევრი ისეთი მოთამაშე ვიყავით გუნდში, რომლებისთვისაც ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო და მსგავსი მნიშვნელობის შეხვედრებში თამაშის გამოცდილება არ გვქონდა. იმედია, მომავალ წელს ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ და გაცილებით კარგ და სანახაობრივ რაგბის ვითამაშებთ. 

 საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ვერ მოქმედებდა დამაჯერებლად და უფრო მეორე ნახევარში ვახერხებდით თამაშში გარდატეხის შეტენას (ფიჯი, შოტლანდია). ამას როგორ ახსნით, თავიდანვე თამაშში ჩართვა გვიჭირდა?

შოტლანდიასთან შეხვედრა გადახალისებული, ექსპერიმენტული შემადგენლობით დავიწყეთ და ალბათ, ეს  იყო არცთუ დამაჯერებლი სტარტის მიზეზი. მეორე ნახევარში, უკვე ძირითადის მოთამაშეები ჩავერთეთ და საბედნიეროდ, შევძელით თამაშში გარდატეხის შეტანა. ფიჯისთან მატჩს რაც შეეხება, როსარიოში მთელი დღის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა. მოედანი მძიმე მდგომარეობაში იყო და ჩვენ მიერ დაგეგმილი ტაქტიკური თამაში არ გამოვიდა. მეორე ტაიმში ძალისმიერ რაგბიზე გავაკეთეთ აქცენტი, რაშიც დავჩაგრეთ მეტოქე და ბოლო წამებზე ვანო კარკაძის ლელოთი, უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. 

 ტურნირის დასკვნითი მატჩი ჩვენს პრინციპულ მეტოქესთან, იტალიასთან გვქონდა. მატჩი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში თქვენი და დემურ თაფლაძის ლელოთი ათქულიანი უპირატესობით გავედით წინ, თითქოს, იტალიელები უნდა გაგვეტეხა, მაგრამ ამის შემდეგ, მეტოქემ ძალიან დაგვჩაგრა და, ფაქტობრივად, არაფერი გამოგვივიდა. დაღლილობამ ხომ არ იჩინა ბოლოსკენ თავი?

– 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ისეთი ტურნირია, ყოველ მესამე დღეს თამაში გიწევს. ასეთ მჭიდრო გრაფიკში, ასეთი მძიმე მატჩების ჩატარება, რა თქმა უნდა, რთულია. ალბათ, დაღლილობის პრობლემაც იყო და მეტოქემ ცოტა გამოცდილებითაც გვაჯობა. 

– უკვე ცნობილია, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფურ ეტაპზე, ჩვენი გუნდის მეტოქეების ვინაობა. წინა წლებთან შედარებით, არ არის რთული ჯგუფი და ვფიქრობ, საკმაოდ რეალური შანსია, ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლოთ. თქვენ რას იტყვით. 

– აბსოლუტურად გეთანხმებით, წინა წლებთან შედარებით, არ არის რთული ჯგუფი. არგენტინა და სამხრეთ აფრიკა კარგად ნაცნობი მეტოქეები არიან. ამ გუნდების წინააღმდეგ, ყოველთვის კარგად ვთამაშობთ და სულ ცოტა გვაკლდება. არგენტინა ერთხელ დამარცხებულიც გვყავს. იტალია კი, პრინციპული მეტოქეა და ამ გუნდთან ორმაგი მოტივაციით გამოვალთ მოედანზე. 

–  ვის გამოარჩევთ ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების რიგებში?

– უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, იოანე იაშაღაშვილს. მას საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა. ყველა თამაშში გამორჩეული იყო და მსოფლიო რაგბიმ ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე გამოვყოფ უკანა ხაზის მოთამაშეებს: თედო აბჟანდაძეს, დემე თაფლაძეს, ოთარ ლაშხს, თემურ ჭიჭინაძეს და სხვებს. 

  საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა, 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის, ჩვენი გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელთან ერთადაც, თქვენც ივარჯიშებთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური შანსი გაქვთ, სექტემბერში მეოე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოთ? 

– ამ კითხვაზე პასუხი გამიჭირდება. მე შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ. დანარჩენი კი, უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები