სხვადასხვა

 2019/02/05 21:49

სხვადასხვა
მერაბ დვალიშვილი: საბრძოლველად ქართული დროშით გავდივარ, რაც მეტად მაძლიერებს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბრძოლა წესების გარეშეს  28 წლის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, UFC-ში  მორიგი ბრძოლისთვის ემზადება. 4 მაისს ქართველი მებრძოლი კანადაში ბრედ კატონას დაუპირისპირდება. 

ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, SPORT24 მერაბს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა. 

 მერაბ, როდის დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით? 

– ჩემი სპორტული ცხოვრება 9 წლის ასაკში დაიწყო და თავიდანვე ძალისმიერი სპორტის სახეობებით. ჯერ ძიუდოს ვჭიდაობდი, შემდეგ სამბოს და გარკვეული წარმატებაც მქონდა. ბრძოლა წესების გარეშე ჩემს ცხოვრებაში 19 წლის ასაკში გამოჩნდა. 

–  როგორ მოხვდით UFC-ში? 

– ამერიკაში როგორც ჩვეულებრივი ემიგრანტი, ისე ჩამოვედი და პარალელურად, ვცდილობდი, მევარჯიშა კიდეც. თავიდან, მოყვარულებში ვჩხუბობდი, სადაც ხელფასი არ მქონდა.  მოყვარულ მებრძოლთა ორგანიზაციაა Ring of combat, რომლის ვერსიითაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. შემდეგ, მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ შოუში, „ვეძებთ მებრძოლებს“, სადაც საკმაოდ კარგად ვიჩხუბე და შოუს ავტორმაც გადაწყვიტა, რომ UFC-სთან გამეფორმებინა კონტრაქტი. ასე მოვხვდი ამ უძლიერეს ორგანიზაციაში. 

– რა განცდაა, როდესაც მსოფლიოს უძლიერეს მებრძოლებთან ერთად, ერთ ორგანიზაციაში გიწევთ ჩხუბი? 

– თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ მეც შემეძლო ასეთ ვარსკვლავებთან ერთად ჩხუბი. უბედნიერესი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი ქვეყნის სახელით, მსოფლიოს უძლიერეს ორგანიზაციაში წარვდგე. მართალია, ჯერ ქამარზე ჩხუბის საშუალება არ მქონია, მაგრამ ორგანიზაციაში ყველასთვის უხერხული მეტოქე ვარ. ოქტაგონზე საქართველოს დროშით და ქართული მუსიკის ჰანგებით გავდივარ, რაც დამატებით ძალას მანიჭებს. 

 როგორც ვიცით, მშენებლობაზეც მუშაობთ. 

– როგორც უკვე ვახსენე, მე ჩვეულებრივი ემიგრანტი ვარ, რომელიც პატიოსანი შრომით საქართველოში თავის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ეხმარება. ჩემი დღე დილის რვა საათზე იწყება. ექვს საათამდე სამსახურში ვარ, საღამოს კი, სრულად ვარჯიშებს ვუთმობ. 

– ბოლოს, თქვენი მომდევვნო ბრძოლის შესახებ გკითხავთ, რომელსაც ბრედ კატონას წინააღმდეგ გამართავთ. როგორ ემზადებით ამ შეხვედრისთვის და მეტოქეს როგორ შეაფასებთ. 

– ძალიან ძლიერი მეტოქეა. ჯერჯერობით, UFC-ში წაგება არ აქვს. ერთნაირად მაღალ დონეზე ფლობს, როგორც პარტერის, ასევე დგომის ტექნიკას. დგომში ცოტა ფრთხილია, თუმცა, ძლიერი დარტყმებით გამოირჩევა. 

ამის მიუხედავად, ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ. მართალია, ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ მე მიყვარს ძლიერი მეტოქეები. მათ წინააღმდეგ უფრო მოტივირებული გავდივარ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები