ესპანეთი

 2019/14/03 23:38

ესპანეთი
მადრიდის რეალი 10:0 ბარსელონა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ორშაბათს მადრიდის რეალის ახალი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდა, ვინც ესპანელთათვის წლევანდელ სეზონში მესამე თავკაცია.

როგორც ჩანს, მწვრთნელების გაშვება მადრიდელთათვის უცხო ხილი არ გახლავთ, რასთანაც ბარსელონა არ „მეგობრობს“.

კატალონიელებმა უკანასკნელად, 2003 წლის იანვარში ლუი ვან გაალი გაათავისუფლეს. მაშინ გუნდის პრეზიდენტი ხოან გასპარი იყო.

მას შემდეგ, ბარსელონას დირექტორი ხოან ლაპორტა და სანდრო როსელი იყვნენ, ხოლო, ამჟამად, ხოსეპ მარია ბართომეუა. ამ დროის განმავლობაში, მწვრთნელები გუნდს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ტოვებდნენ.

ლაპორტას ყოფნისას, ფრენკ რაიკაარდმა გუნდში 5 წელი გაატარა. დირექტორს მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, თუმცა, ჰოლანდიელი 2008 წელს წავიდა. მას პეპ გვარდიოლა მოჰყვა, ვინც ბარსელონაში ყველაფერი მოიგო და კლუბი ახალი გამოწვევებისთვის დატოვა. მისი შემცვლელი ტიტო ვილანოვა გახდა, თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, კლუბის დატოვება მოუწია.

ტატა მარტინიომ ბარსელონაში 1 წელი დაჰყო და ადგილი ლუის ენრიკეს დაუთმო, ვინც პირველივე სეზონში ტრებლი მოიგო. ეს უკანასკნელი კონტრაქტის ამოწურვის გამო, 2017 წელს წავიდა. მის შემცვლელად, ერნესტო ვალვერდე მივიდა. სწორედ ვალვერდეა კლუბის ამჟამინდელი თავკაცი.

ამ დროის განმავლობაში, მადრიდის რეალის 12-მა მწვრთნელმა კონტრაქტის ვადის ამოწურვა ვერ შეძლო. ვისენტე დელბოსკემ და ჟოზე მოურინიომ გაგდების თავიდან ასაცილებლად, კლუბი თავად დატოვეს. ხოლო ზიდანი გასულ წელს თავისი ნებით გადადგა.

2003 წლიდან მოყოლებული, კარლოს კეირუში, მარიანო გარსია რემონი, ვანდერლეი ლუქსემბურგო, ფაბიო კაპელო, ბერნდ შუსტერი, მაურისიო პელეგრინი, კარლო ანჩელოტი, რაფა ბენიტესი, ხულენ ლოპეტეგი და სანტიაგო სოლარი კლუბიდან გაყარეს. ეს ყველაფერი რომან კალდერონისა და უკვე ფლორენტინო პერესის დირექტორობისას მოხდა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები