ლეგიონერები

 2019/04/07 00:58

ლეგიონერები
ლუკა გუგეშაშვილი: გრანადაში გარანტირებული არაფერი მექნება, მაგრამ თავს არ დავზოგავ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და გორის დილას ყოფილი მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი, კარიერას ესპანეთში, საფეხბურთო კლუბ გრანადას მეორე გუნდში, გრანადა B-ში გააგრძელებს, რომელიც ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს. ლუკა თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია. 2015 წელს ის დინამოდან პოლონურ იაგელონიაში გადავიდა, მაგრამ ახალგაზრდა კიპერს სხვადასხვა მიზეზის გამო, დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და 2018 წელს არენდის წესით, გორის დილაში ჩაირიცხა. გუგეშაშვილმა კლუბში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. პირველ სეზონში ჩატარებული 17 მატჩიდან, 12-ში კარი მშრალად შეინახა. 

ბოლო პერიოდში, ქართველი მეკარე ნამდვილად დიდ პროგრესს განიცდიდა. მის სახელს და გვარს არაერთ უცხოურ გუნდს უკავშირებდნენ, მაგრამ მან გრანადას ვარიანტი არჩია და ესპანურ კლუბთან  გააფორმა კონტრაქტი. 

Sport24  ლუკას დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა. 

ლუკა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ესპანურ გრანადასთან გააფორმეთ კონტრაქტი და მომავალ სეზონს ამ კლუბში გაატარებთ. მცირედით რომ გაგვიმხილოთ კონტრაქტის დეტალები. რა ვადიან ხელშეკრულებას მოაწერეთ ხელი?

როგორც ჩანს, ჩემი შეძენით დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაინტერესებულნი და ჩემს თამაშებს აკვირდებოდნენ. მოგეხსენებათ, ივნისში დილასთან  იჯარა მიმთავრდებოდა და ისევ პოლონეთში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ ესპანური გრანადას ხელმძღვანელობა დაუკავშირდა იაგელონიას პრეზიდენტს და უთხრა, რომ ჩემი გადაბირებით იყვნენ დაინტერესებულნი. კლუბთან 1+3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ მექნება, მაგრამ მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო გუნდში თავის დასამკვიდრებლად. 

დაინტერესება სხვა კლუბებიდანაც იყო, მაგრამ ყველას გრანადას ვარიანტი ვარჩიე და იმედი მაქვს, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. 

 გრანადა B ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს. ძირითადი გუნდი კი, წელს გადავიდა ლა ლიგაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოგეცემათ შანსი, მთავარი მწვრთნელის ყურადღება მიიპყროთ და რამდენიმე მატჩში, თუნდაც ლა ლიგის განაცხადში მოხვდეთ? 

 დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ გრანადაში ძირითად გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვივარჯიშებ. რაც შეეხება ძირითადი გუნდის სამატჩო განაცხადში მოხვედრას, ალბათ, ეს გამოცდილებასთან ერთად, თავისით მოვა. ჯერ 20 წლის ვარ, საამისოდ კიდევ ბევრი რამ მაქვს დასახვეწი, მაგრამ მე აქ ტყუილად არ მოვსულვარ და ნელ-ნელა ვეცდები, გუნდში თავი დავიმკვიდრო. 

– საკმაოდ პატარა ასაკში გახდით ლეგიონერი და საქართველოდან პოლონურ იაგელონიაში წახვედით სათამაშოდ. ბევრი ფიქრობს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეთ – ასეთ პატარა ასაკში ქვეყნიდან წასვლა. თქვენ რას იტყვით? 

– მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ყველაზე მართებული გადაწყვეტილება. იაგელონიაში სათამაშო დროის ნაკლებობა უფრო იმით იყო განპირობებული, რომ ახალ გარემოსთან, გუნდთან ადაპტაცია ყოველთვის რთულია და ამას გარკვეული დრო სჭირდება. იაგელონიაში ძირითად გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, მუდმივ რეჟიმში ვიყავი და პროფესიული თვალსაზრისით, ამ გუნდმა ძალიან ბევრი მომცა. დიდი მადლობა იაგელონიას ყველაფრისთვის. 

– იაგელონიადან არენდის წესით გორის დილაში დაბრუნდით, სადაც საკმაოდ კარგი მატჩები ჩაატარეთ. თქვენ როგორ შეაფასებთ გორში გატარებულ პერიოდს?

– დილაში მეტი გამოცდილების მისაღებად და სათამაშო პრაქტიკისთვის მოვედი. მადლობა მწვრთნელებს და ხელმძღვანელობას, რომ პატარა ასაკის მიუხედავად, მენდნენ, მომცეს შანსი. მეც ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი გუნდის გამარჯვებისთვის.  

პირველ სეზონში 17 მატჩიდან 12-ში კარი მშრალად შევინახე, რაც ნამდვილად კარგი შედეგი იყო. წელს გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა. მოვიდა ახალი მწვრთნელი, მთლიანად შეიცვალა გუნდის ბირთვი და ფეხბურთელებმა სეზონის წინ ერთმანეთთან შეთამაშება ვერ მოვასწარით. ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი მიმდინარე სეზონში გორის დილას არცთუ დამაჯერებელი თამაშისა. 

– ბოლოს, ეროვნული ლიგის დონეზეც უნდა გკითხოთ. რამდენად ამაღლებულია უკანასკნელ წლებში ეროვნული ჩემპიონატის დონე? 

– ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელების თამაშის დონე და მატჩების ხარისხი საშუალო დონის ევროპული ქვეყნების ჩემპიონატებს დიდად არ ჩამოუვარდება. მიმდინარე სეზონშიც ბევრი გამორჩეული მატჩი ვიხილეთ. 

ჩემპიონატის განვითარებისთვის, უმთავრესია, სტადიონზე გულშემატკივარი დაბრუნდეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. ბოლო პერიოდში, ქართულ ფეხბურთში მიმდინარე ინფრასრუქტურული პროექტები საკმაოდ იმედის მომცემია. ასევე, ძალიან სასიამოვნოა იმ ატმოსფეროში თამაში, რასაც ბათუმში ადგილობრივი გულშემატკივარი ქმნის. ვისურვებდი, ყველა ქალაქში ასე ქომაგობდნენ და ნამდვილად მაღალი დონის ჩემპიონატი გვექნება. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები