დიდი 10

 2018/13/05 21:47

დიდი 10
ლოკომოტივი საქართველოს ჩემპიონია!
ავტორი
ტატო ნიკურაძე

თბილისის ლოკომოტივი საქართველოს ჩემპიონია. დიდი 10-ის ფინალურ შეხვედრაში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე, ლოკომოტივი ქუთაისის აიას დაუპირისპირდა და ანგარიშით – 29-10 დაამარცხა. შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით დაიწყო. „რკინიგზელებს“, მთელი მატჩის განმავლობაში, დიდი უპირატესობა ჰქონდათ შერკინებაში. ქუთაისელები გაშლილი რაგბის თამაშს ცდილობდნენ, თუმცა, ბექა ყურაშვილის გუნდი ხელით თამაშისას, ბევრ შეცდომას უშვებდა და გადამწყვეტ ფაზაში აიას შემტევები ბევრს სცოდავდნენ.

შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს. რამაზ ხარაზიშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. მეოცე წუთზე, ბექა წიკლაურმა ქუთაისელებს ჯარიმითვე უპასუხა. შეხვედრის 24-ე წუთზე, უხეში ბოჭვისთვის, მსაჯმა მოედნიდან ქუთაისელთა ფულბეკი, ზურაბ ძნელაძე, გაასინბინა. ამით ლოკომოტივმა მალევე ისარგებლა. „რკინიგზელებმა“ ბურთი ხაზზე ბოლომდე ჩაათამაშეს და გიორგი შკინინმა სეზონში თავისი 23-ე ლელო გაიტანა. გარდასახვა ბექა წიკლაურმა ზუსტად შეასრულა.

პირველი ნახევრის ბოლოს, აია მეტოქის 22-მეტრიან ზონაში დამკვიდრდა, თუმცა, ლოკომოტივის თავგანწირული დაცვის გარღვევა ვერ შეძლო.

მეორე ნახევრის დასაწყისშივე, ბექა წიკლაურმა ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რასაც ორი ზუსტი არეკნიც მიაყოლა და თბილსელები 11-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა წინ. 

მატჩის 77-ე წუთზე კი ქუთაისელებმა, საკუთარ 5-მეტრიან ზონაში, მეტოქის შერკინება რამდენჯერმე ჩააქციეს, რის შემდეგაც, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ჯორჯ ქლენზიმ, თბილისელთა სასარგებლოდ, ტექნიკური ლელო ჩათვალა.

ქუთაისელებმა,  დარჩენილ დროში, მხოლოდ პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხეს, რაც ნიკა წივწივაძის ანგარიშზეა.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ, 29-10 და  თბილისის ლოკომოტივი მეათედ დაეუფლა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები