ლეგიონერები

 2019/30/08 17:47

ლეგიონერები
ლაშა დვალი და სამი გიორგი ჯგუფურ ეტაპზე
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის ლიგის 2019/20 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, 4 ქართველი მოხვდა. 

სამწუხაროა, რომ ფლეი-ოფში რამდენიმე ლეგიონერის გუნდი დამარცხდა. უმრავლესობას ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდა. მათ შორის, ზაურ მახარაძის ზორიასაც, რომელსაც გზად ესპანიოლი გადაეღობა. ესპანელებმა შინ 3:1 იმარჯვეს, ხოლო სტუმრად ფრეს (2:2) დასჯერდნენ. ქართველი მეკარე ორივე მატჩში სათადარიგოზე იყო.

მოსკოვის სპარტაკსაც საკმაოდ რთული მეტოქე ჰყავდა. ჯანო ანანიძის გუნდი ბრაგას დაუპირისპირდა. პორტუგალიელებმა შინ 1:0 მოიგეს, რითაც რუსებს შანსები შეუნარჩუნდათ, მაგრამ განმეორებით მატჩში ბრაგა 2:0 დაწინაურდა და მასპინძლებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლეს – 1:2. ქართველი ფეხბურთელი ორივე მატჩში სათადარიგოზე იყო, ხოლო მეორეში შეხვედრაში მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.

ვაკო გვილიას ლეგიას ძალიან არ გაუმართლა. მისი მეტოქე სტივენ ჯერარდის რეინჯერსი იყო. პოლონეთში გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს და მსგავს შედეგთან ახლოს შოტლანდიაშიც იყვნენ, თუმცა, მასპინძლებმა მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გაიტანეს – 1:0. გვილიამ ორივე შეხვედრაში სრულად ითამაშა.

ჯგუფურ ეტაპზე სამი გიორგის გენტი და ლაშა დვალის ფერენცვაროში ითამაშებს, მაგრამ მიზნის მიღწევა ასე მარტივიც არ აღმოჩნდა. უნგრელებს გაუმართლათ და მეტოქედ სუდუვა ერგოთ. ლიეტუვაში უგოლო ფრის შემდეგ, უნგრეთში დიდი ბრძოლა გაჩაღდა და სტუმრები მე-11 წუთზე დაწინაურდნენ. ამის მიუხედავად, ფერენცვაროშმა ტაიმი მაინც მოიგო – 2:1. ლიეტუველებმა ანგარიში გაათანაბრეს. საბედნიეროდ, მასპინძლებმა დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გაიტანეს და საწადელს მიაღწიეს – 4:2. დვალმა ორივე შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ბერიძის ტრავმების გამო, განაცხადში მხოლოდ გიორგი ქვილითაია ხვდება. გენტი ფლეი-ოფში რიეკას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. ბელგიაში გენტმა 2:1 იმარჯვა, ხოლო სტუმრად  – 1:1. ქართველი შემტევი პირველ მატჩში სათადარიგოზე დარჩა, ხოლო მეორეში მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები