დიდი 10

 2018/30/09 16:58

დიდი 10
ხარებმა ჩემპიონი წააქცია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ჩემპიონი რუსთავში შეაჩერეს. საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის მეხუთე ტურის შეხვედრაში, თბილისის ლოკომოტივი რუსთავის ხარებს ეწვია და უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში 7:13 დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრას „რკინიგზელები სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ. თემურ ბენდიაშვილის გუნდს,  ვირუსის გამო, გიორგი ბეგაძე ვერ ეხმარებოდა. 

მატჩი რუსთაველთა უპირატესობით დაიწყო.  მამუკა მინდორაშვილის მორაგბეებმა შერკინებაში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს და ჯარიმის კარში დარტყმის უფლებაც მოიპოვეს. საჯარიმო დარტყმა ზუსტად დავით თაბუკაშვილმა შეასრულა და ანგარიში გაიხსნა. მთელი პირველი ნახევარი ბურთს რუსთაველები აკონტროლებდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ტექნიკური წუნი და მატჩი  საკმაოდ ხშირად ჩერდებოდა.  შეხვედრის 30-ე წუთზე  უხეში თამაშისთვის, მთავარმა არბიტრმა, სულხან ჩიხლაძემ, ხარების მარცხენა ბურჯი, გიორგი გოგოლაძე გაასინბინა. მიუხედავად, რიცხობრივი უპირატესობისა ლოკომოტივმა  ვერ შეძლო თამაშის სადავეების  საკუთარ ხელში აღება და ტაიმის მიწურულს, სინბინიდან დაბრუნებულმა ირაკლი გოგოლაძემ დაამიწა ბურთი თბილისელთა ჩათვლის მოედანში. დათო თაბუკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმიც ასე დასრულდა. 10:0 ხარების სასარგებლოდ. 

მეორე ნახევარში თემურ ბენდიაშვილის გუნდი საოცარი შემართებით გამოვიდა მოედანზე და მალევე მოახერხა ანგარიშის შემცირება. ბექა წიკლაურის პასის შემდეგ, რუსთაველთა ჩათვლის მოედანში იოანე ხელაიამ შეძლო ბურთის დამიწება. ბექა წიკლაურმა ზუსტად გარდასახა და სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა, მაგრამ ეს იყო ლოკომოტივის ბოლო ქულები დღევანდელ შეხვედრაში. მატჩის მიწურულს, ლოკომოტივის შუა მარბი, ზურაბ ძნელაძე გაასინბინეს, რითაც ხარებმა კარგად ისარგებლა და კობა ბუჯიაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით თავისი გუნდის უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. ლოკომოტივს მაინც შეეძლო მატჩის გადარჩენა. შეხვედრის ბოლო წუთზე მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში მოგებული  დერეფნის შემდეგ, რუსთაველებმა მოლში კარგად გაუჭედეს ლოკომოტივს ბურთი და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემეს. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები