NBA

 2018/31/10 14:53

NBA
კავალიერსმა პირველი მოიგო, როკეტსი ისევ აგებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

NBA-ის დღევანდელ სათამაშო დღეს, კლივლენდ კავალიერსმა ნავსი გატეხა და ატლანტა ჰოუქსთან პირველი გამარჯვება მოიპოვა. ზედიზედ მეოთხე მარცხი ჰიუსტონ როკეტსმა იგემა, რომელთაც შინ, ბლეიზერსთან წააგეს.

კავალიერსმა პირველი გამარჯვება უხვქულიანად აღნიშნა. მათ 134 ქულა ჩააგდეს და მარტივი გამარჯვებაც მოიპოვეს. პირველი მეოთხედი 35:31 მოიგეს, მაგრამ ჰოუქსმა მეტოქე წინ დიდი უპირატესობით არ გაუშვა და ტაიმი მხოლოდ 1 ქულით წააგო – 57:58. ყველაფერი მეორე ტაიმში გადაწყდა, სადაც კავალიერსი მეტოქეს მაინც გაექცა. მასპინძლები 18 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა მეოთხე მეოთხედის წინ, ჩამორჩენა 12-მდე დაიყვანეს – 87:99. საბოლოოდ, ჰოუქსი დიდი ანგარიშით წაგებას ვერ გადაურჩა, მათი მაქსიმუმი ჩამორჩენის 8 ქულამდე შემცირება გახლდათ. ბოლოსკენ კავალიერსმა მოუმატა და 22 ქულითაც იმარჯვა – 136:114.

„ბაბუაწვერას“ არყოფნაში, ჰიუსტონ როკეტსმა მორიგი შეხვედრა წააგო. მათ საკუთარ კედლებში მოსალოდნელზე ცოტა ქულა ჩააგდეს, რაც წაგების ერთ-ერთი განმაპირობებელი გახდა. პირველი მეოთხედი მწირქულიანი გამოდგა. პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა 19:15 იმარჯვა. ტაიმი კი, 15-ქულიანი სხვაობით მოიგო და თითქმის, ყველაფერი გადაწყვიტა – 51:36. სტუმართა უპირატესობა თვალსაჩინო მესამე თორმეტწუთეულში გახდა, რომელიც 34:26 მოიგეს. იმის მიუხედავად, რომ დასკვნითი მეოთხედი როკეტსმა მოიგო (23:19), შეხვედრის ანგარიშზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა – 85:107.

დარჩენილი შეხვედრების შედეგები შემდეგნაირია:

შარლოტ ჰორნეთსი - მაიამი ჰითი 125:113;

ორლანდო მეჯიქი - საკრამენტო კინგსი 99:107;

ბოსტონ სელტიკსი - დეტროიტ პისტონსი 108:105;

ტორონტო რეპტორსი - ფილადელფია სევენთი სიქსერსი 129:112;

მემფის გრიზლი - ვაშინგტონ ვიზარდსი 107:95;

ოკლაჰომა სითი თანდერი - ლოს ანჯელეს კლიპერსი 128:110.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები