სხვადასხვა

 2019/30/01 18:16

სხვადასხვა
კალათბურთის ფედერაციისა და კომპანია „ჰიუნდაის“ სასპონსორო თანამშრომლობა გრძელდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მრავალწლიანი თანამშრომლობა ღრმავდება. მათ შორის ახალი სასპონსორო მემორანდუმი თბილისის „ჰიუნდაის“ ცენტრში გაფორმდა.

12 წელია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორია. განახლებული მემორანდუმის საფუძველზე კი, „ჰიუნდაი“ 2019 წლის სექტემბერში თბილისში გასამართი 18-წლამდელთა ევროპის 3X3 ჩემპიონატის სპონსორიც იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 3X3 კალათბურთში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის თბილისში ჩატარების უფლება გასული წლის შემოდგომაზე მოიპოვა.

სასპონსორო ხელშეკრულების ფარგლებში, „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას 2 ახალი ავტომობილი გამოუყო, რომელიც როგორც ეროვნული ნაკრებების მომზადების, ისე შიდაჩემპიონატების ორგანიზებას მოემსახურება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ ხელმძღვანელმა, დავით გიორგობიანმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა მოაწერეს. ფედერაციის პრეზიდენტმა დავით გიორგობიანს სახსოვრად, ეროვნული ნაკრების წევრების ხელმოწერებით დამშვენებული ბურთი გადასცა. 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ ოფისში გაიმართა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის პრეზენტაცია, რომელსაც ტურნირის მონაწილე გუნდების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალური ტურნირი 2006 წლიდან იმართება და ბოლო 2 წელია მას ცნობილი კალათბურთელების მშობლიური ქალაქი, ქუთაისი მასპინძლობს. წელს ტურნირში მონაწილეობას სუპერლიგის 8 გუნდი მიიღებს, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდებიან.

„ა“ ჯგუფი: დინამო, დელტა, მგზავრები, ბათუმი.
„ბ“ ჯგუფი: ქუთაისი, თსუ-ჰიუნდაი, ოლიმპი, კაკტუსი.

ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ, 4-დან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ჯგუფებში პირველ ადგილებზე მყოფი გუნდები ფინალში გავლენ. სატიტულო მატჩი 8 თებერვალს, ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში  18:00  საათზე გაიმართება.

დავით გიორგობიანი (კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ პრეზიდენტი):  

ჩვენი კომპანია ქართული კალათბურთის დიდი გულშემატკივარია და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ბოლო 12 წელი უწყვეტად ვასპონსორებთ საქართველოს ნაკრებს და მონაწილეობას ვიღებთ ქართული კალათბურთის განვითარებაში. ეროვნული ნაკრების გარდა, აქტიურად ვართ ჩართულები ბავშვთა კალათბურთის განვითარებაში – „ჰიუნდაის“ საკალათბურთო სკოლა წლების განმავლობაში წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში, რასაც გასულ წელს ბალტიის ლიგის ჩემპიონობა დაემატა. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ამასთანავე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თსუ-ჰიუნდაიმ გასულ წელს წარმატებით იასპარეზა „ა“ ლიგაში და წელს უკვე სუპერლიგაში იღებს მონაწილეობას. ეს ყველაფერი განპირობებულია ეროვნული ნაკრების და ზოგადად, ქართული კალათბურთის წარმატებით. მოხარულნი ვართ, რომ ამ პროცესში კომპანია „ჰიუნდაის“ თავისი წვლილი შეაქვს.

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): 

– დიდი მადლობა კომპანია „ჰიუნდაის“ და მის პრეზიდენტს, დავით გიორგობიანს, რომელიც ვეტერანი კალათბურთელია და ძალიან უყვარს კალათბურთი. ქართული კალათბურთი წლებია დიდ მხარდაჭერას გრძნობს „ჰიუნდაის“ მხრიდან და ეს სწორედ დავით გიორგობიანის დამსახურებაა. სასიხარულოა, რომ კომპანია „ჰიუნდაი“ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, წელს სპონსორობას გაუწევს 3X3 კალათბურთში ევროპის  18-წლამდელთა ჩემპიონატს, რომელიც 2019 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართება. აგრეთვე, კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას საჩუქრად გადმოეცა 2 ახალი ავტომობილი, რომელიც სხვადასხვა ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში დიდ დახმარებას გაგვიწევს. „ჰიუნდაის“ წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კალათბურთის განვითარებაში, რისთვისაც მსურს, დიდი მადლიერება გამოვხატო. 

GBF.GE



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები