დიდი 10

 2018/03/11 15:56

დიდი 10
კახეთში სარაგბო ზეიმი ვიხილეთ, მაგრამ ცუდი დასასრულით
ავტორი
ტატო ნიკურაძე

კახეთში დიდი რაგბი დაბრუნდა. საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით პატარძეულის ვეფხვებს დიდი 10-ის ეგიდით გასამართი საშინაო მატჩების საკუთარ მოედანზე ჩატარების შესაძლებლობა მიეცა.  საქართველოს სარაგბო  ჩემპიონატის, დიდი 10-ის, მერვე ტურის შეხვედრაში ვეფხვებმა ქუთაისის აიას უმასპინძლეს და ძალიან ლამაზი სარაგბო დღესასწაულიც შემოგვთავაზეს.  მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ქუთაისელებმა მაინც გამოცდილების ხარჯზე იმარჯვეს. 

შეხვედრა „ქუთათურებმა“ აქტიურად დაიწყეს. სტუმრები ხაზზე კარგად შლიდნენ ბურთს, სიღმეებს კარგად იყენებდნენ და ლაშა ლომიძემ ზუსტ საჯარიმო დარტყმას, გარდასახული ლელოც მიუმატა, რითაც საკუთარი გუნდი 10:0 დაააწინაურა.  ამის  შემდეგ, ვეფხვებმა იგდეს თამაშის სადავეები ხელთ. კახელმა მორაგბეებმა შეძლეს მატჩის თავიანთვის სასურველ ტემპში გადაყვანა და  სამი კახური, „მამაპაპური" მოლით სამჯერ შევიდნენ მეტოქე გუნდის ჩათვლის მოედანში. 

მეორე ნახევარში ქუთაისელები გააქტიურდნენ და  მატჩის განახლებიდან მალევე გიორგი ნუცუბიძემ შეძლო ანგარიშის გათანაბრება.   ლაშა შალიკაშვილმა ლელოს ლელოთივე უპასუხა, მაგრამ ოთარ ძაგნიძემ არაჩვეუებრივი სოლო რეიდი შემოგვთავაზა და ინდივიდუალური ლელოთი თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა. 

მატჩის ბოლო წუთები ძალიან დაძაბული გამოდგა. ვეფხვები  ქუთაისელთა ხუთ მეტრიანში დამკვიდრდნენ და მოკლე-მოკლე დარტყმებით ცდილობდნენ კაცნაკლული მეტოქის გატეხვას, მაგრამ აიას მორაგბეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ  ისინი დაცვაში ბრწყივალედ მოქმედებდნენ და  ძალიან მძიმე ბრძოლაში გამარჯვებაც მოიპოვეს - 22-27 ქუთაისის აიას სასარგებლოდ. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები