ეროვნული ლიგა

 2019/23/08 19:05

ეროვნული ლიგა
ჯოვინომ ბოლნისში გაიბრწყინა. ბათუმელთა დამაჯერებელი გამარჯვება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

სიონი-დინამო ბათუმი 0:4 

ბოლნისი.თამაზ სტეფანია

0:1 დვალიშვილი (50) 0:2 ჯოვინო (71) 0:3 ჯიღაური (73) 0:4 ჯოვინო (84) 

სიონი: ისიანი, ჩაჩუა (82.ტვილდიანი), აფაქიძე, ჯაფიაშვილი, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, ხმალაძე, ივანიშვილი (65.გვარაძე), უგრეხელიძე (62.უგულავა), კახაბრიშვილი, ტატანაშვილი. 

დინამო ბათუმი: ალავიძე, გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი (82.ჩალაძე), ტეიდი, მანჯგალაძე, ჯიღაური, ჯოვინო, რამოსი (66.მამუჩაშვილი), დვალიშვილი (76.თევდორაძე). 

გაფრთხილება:  ტატანაშვილი (44) ალავიძე (63) 

ბათუმის დინამოს ზედიზედ მესამე გამარჯვება. გიორგი გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ბოლნისში ადგილობრივ სიონს დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა. 

მატჩის დასაწყისში ბოლნისში ძალიან ცხელოდა, რამაც თამაშის მიმდინარეობაზეც იქონია გავლენა. პირველი ნახევარი სანახაობრივი თვალსაზრისით არცთუ კარგი გამოვიდა. მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები, მხოლოდ ტაიმის მიწურულს ვიხილეთ. ანზორ სუხიაშვილის შორეული დარტყმის შემდეგ, ბათუმის დინამო კარის ხარიხამ გადაარჩინა. გიორგი კახაბრიშვილის დარტყმა კი, მიხეილ ალავიძემ მოიგერია. რაც შეეხება დინამოს. პირველ ტაიმში ბათუმელთაგან ლევან გეგეჭკორს ჰქონდა გატანის კარგი შანსი, მაგრამ დინამოს მარჯვენა მცველს ჯერ მეკარემ აჯობა, შემდეგ კი, მცირე მანძილით ააცილა მიზანს. 

მეორე ტაიმის კი, სრულად ბათუმის დინამოს უპირატესობით წარიმართა და სამი უპასუხო გოლის გატანაც მოახერხეს. შეხვედრის 50-ე წუთზე ჯამბულ ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთს ვლადიმერ დვალიშვილი გამოეხმაურა და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა CRYSTALBET  ეროვნულ ლიგაში მეორე გოლი გაიტანა. გატანილი გოლის შემდეგ, ბათუმელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და გაილაღეს კიდეც. განსაკუთრებით, დინამოს ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი უნდა აღვნიშნოთ. მეორე გოლის ეპიზოდში ბრაზილიელმა  მშვენიერი ინდივიდუალური პერფორმანსი შემოგვთავაზა. შემდეგ, ჯამბულ ჯიღაურმაც შეძლო გატანა, მატჩის 84-ე წუთზე კი, ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

საბოლოოდ, 4:0 და ბათუმის დინამო ჩემპიონობისთვის ბრძოლას ისევ აგრძელებს. 

 

ფოტო: ბათუმის დინამოს პრესსამსახური 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები