ლეგიონერები

 2018/24/04 11:20

ლეგიონერები
ჯაბა ბრეგვაძის და გიორგი ნემსაძის დებიუტი
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბორჯღალოსნებს – ჯაბა ბრეგვაძესა და გიორგი ნემსაძეს, გასულ უქმეებზე საკუთარ კლუბებში დებიუტი ჰქონდათ. კვაჭმა ზე-რაგბის იაპონურ ფრანჩაიზის, „სანვულვზის“, სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა, ხოლო მეორეხაზელმა პრო 14-ის უელსურ ფრანჩაიზში – „ოსპრეიზში“, პირველი შეხვედრა ჩაატარა.

 

„სანვულვზი“ სუპერ რაგბის მე-10 ტურში „კრუსეიდერსს“ ახალ ზელანდიაში ეწვია. ჯაბას „მზის მგლებში“ აქამდე სამჯერ ჰქონდა ნათამაშები, ამჯერად, ძირითად შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა. მის შეცვლამდე ანგარიში 21:11 იყო, მერე ზელანდიელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და 33:11 იმარჯვეს. „სანვულვზს“ მიმდინარე სეზონში 8 მარცხი აქვს და ბოლო ადგილზეა.

 

„ოსპრეიზი“ გადადებულ მატჩში იტალიაში „ძებრეს“ ეწვია და 14:37 დამარცხდა. გიორგი ნემსაძე, რომელიც ახალ გუნდში ახლახან, ინგლისის „ბრისტოლიდან“ გადავიდა, მესამე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

 

ოთხნი ფინალში

 

ვასილ კაკოვინის „რასინგმა“, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ირლანდიური „მანსტერი“ 27:22 დაამარცხა და 12 მაისს ფინალში კიდევ ერთ ირლანდიურ გუნდს, „ლენსტერს“ შეხვდება. ირლანდიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს და მეორეს დასაწყისში 27:3-ს იგებდნენ. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე ნახევარი საათი ითამაშა და 5 ბოჭვა შეასრულა.

 

ჩელენჯ ქაფის ფინალშია ანტონ ფეიქრიშვილის „კარდიფი“. რომელმაც „პოს“ 16:10 მოუგო. ქართველმა ბურჯმა პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა. უელსელები 11 მაისს ინგლისურ „გლოსტერს“ შეხვდებიან.

 

კონტინენტის თასის ფინალშია და 2018/2019 წლების ჩელენჯ ქაფის საგზური მოიპოვა დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის „ენისეიმ“, რომელმაც თანაქალაქელი „კრასნი იარი“ განმეორებით შეხვედრაში 27:26 დაამარცხა.

 

პირველი მატჩი „ენისეის“ 25 ქულის სხვაობით, 47:22 ჰქონდა მოგებული. განმეორებით შეხვედრაში მოედანზე 4 ბორჯღალოსანი გავიდა – გაჩეჩილაძე სტუმართა სასტარტოში იყო, ხოლო ლაშა მალაღურაძე, გიორგი ფრუიძე და სოსო მათიაშვილი „კრასნი იარში“. „იარი“, მეორე ტაიმის დასაწყისში, 26:10 დაწინაურდა და ორი მატჩის ჯამში, ჩამორჩენა 9 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ „ენისეიმ“ ორი სწრაფი ლელოთი უპასუხა და საბოლოოდ, გამარჯვებაც იზეიმა. „კრასნი იარს“ 3 გარდასახვით 6 ქულა მათიაშვილმა შესძინა.

 

„ენისეი“ ფინალში გერმანულ „ჰაიდელბერგს“ შეხვდება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში, რუმინეთის ჩემპიონი „ტიმიშოარა-სარასენსი“ დაამარცხა (პირველი მატჩი 20:26; განმეორებითი 27:15).

 

წყარო:rugby.ge



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები