ასაკობრივი ნაკრები

 2019/23/06 00:24

ასაკობრივი ნაკრები
იტალიელებთან რესურსი აღარ გვეყო, მაგრამ მთავარი მიზანი შესრულებულია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა. მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში ჩვენი გუნდი პრინციპულ მეტოქეს იტალიას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 17:29 დამარცხდა. 

მატჩი იტალიელებმა აგრესიულად და სწრაფ ტემპში დაიწყეს და მალევე დაგვალელოვეს კიდეც. ტაიმის მეორე ნახევარში „უმცროსი ბორჯღალოსნები“ გააქტიურდნენ და თამაშის გათანაბრებაც მოახერხეს. განსაკუთრებით შერკინებაში საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ თამაშის დალაგება ვერ მოვახერხეთ.ძალიან ბევრი იყო შეცდომები და უპირატესობა ქულებში ვერ გარდავსახეთ. ჩვენს პრობლემებს ისიც დაემატა, რომ მაღალი ბოჭვისთვის მსაჯმა მოედნიდან ირაკლი სიმსივე გაააძევა. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა 14 კაცის შემადგენლობით მოახრხეს მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შესვლა და თედო აბჟანდაძემ ზუსტი საჯარიმო დარტყმით სხვაობა შეამცირა. 

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად დაიწყო. ორი იდეალური  შეტევა განვახორციელეთ. თედო აბჟანდაძის და თემურ ჭიჭინაძის პასის შემდეგ, დემურ თაფლაძემ დაამიწა ბურთი ჩათვლის მოედანში. მალევე,  ისევ თედოს გადაკიდებული ბურთი იტალიელებმა დერეფნიდან მალევე შემოაგდეს და მიშიკო ალანიამ გამოავლინა თავისი მაღალი სათამაშო ინტელექტი და საქართველოს ნაკრები სოლიდური სხვაობით გაიყვანა წინ. 

თითქოს იტალიელები უნდა გავეტეხა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთებში ჩვენს მეტოქეს გაცილებით მეტი რესურსი აღმოაჩნდათ. ქართველ მორაგბეებს დაღლილობაც დაეტყოთ, რას ფიჯისთან და შოტლანდიასთან ორი უმძიმესი მატჩის შემდეგ არც იყო გასაკვირი. „აძურიმ“ სამი უპასუხო ლელო დაგვიდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 17:29 იტალიელთა სასარგებლოდ. 

საბოლოოდ, მთავარი მიზანი შესრულებულია საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა შეინარჩუნა ელიტაში ადგილი და მომავალ წელს, ზედიზედ მეხუთედ ვითამაშებთ 12 საუკეთესო გუნდში. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები