6 ერი

 2019/16/03 18:29

6 ერი
იტალია,ისევ მოგების გარეშე
ავტორი
ტატო ნიკურაძე

იტალია საკუთარ თავს, კვლავ არ „ღალატობს“.  6 ერის ბოლო ტურის შეხვედრაში, „სტადიო ოლიმპიკოზე“  ტურნირის ორი აუტსაიდერი, იტალია და საფრანგეთი დაუპირისპირდა ერთმანეთს და საკმაოდ დაძაბული მატჩიც შემოგვთავაზეს. 

შეხვედრა საფრანგეთის ნაკრების უპირატესობით დაიწყო, თუმცა, საწყის წუთებში ფრანგები,ზედმეტად, პრაგმატულად უტევდნენ და იტალიელ მორკინალებსაც მათი შეტევების მოგერიება არ უჭირდათ. პირიქით, მათ „მამლებს“ რამდენიმე შეცდომაც დააშვებინეს და ტომასო ალენის ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმით 6:0 დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ, ფრანგებმა ტემპს მოუმატეს, რაქში ბურთს უფრო სწრაფად ათავისუფლებდნენ, ხელით თამაშსაც მოუმატეს და პირველი ლელოც დადეს. დამიან პენოს გაჭრილი ხაზის შემდეგ,  იტალია ანტუან დუპონმა დაალელოვა. რომეინ ნტამაკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. 

მეორე ნახევარში  იტალიელებმა ტომასო ალენის მორიგი ზუსტი ჯარიმით სხვაობა ერთ ქულამდეც შეამცირეს, მაგრამ „მამლებმა“ მალევე უპასუხეს გარდასახული ლელოთი. 

გაშვებული ლელოს შემდეგ, იტალია ძალიან გააქტიურდა და მათმა ჰავბეკმა ტიტო ტებალდიმ ლელოს დადებაც მოახერხა, რომელიც ტომასო ალენიმ ვერ გარდასახა. 

საფრანგეთის ნაკრების რიგებში რომეინ ნტამაკმა არეკნი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ერთ ლელომდე გაზარდა.

მატჩის მიწურულს, გულშემატკივრისგან კარგად შეგულიანებულმა იტალიამ მედგრად შეუტია და ბოლო წუთებში ფრანგები კაცნაკლულებიც დარჩნენ, მაგრამ იტალიელთა მძლავრი შეტევების მიუხედავად, მათ ლელოს დადება ვერ მოახერხეს. პირიქით, ფრანგებმა საოცარი კონტრშეტევა შემოგვთავაზეს და პენომ  სხვაობა გაზარდა. 

საბოლოოდ, 25:14 საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ და იტალიას  6 ერზე, უკვე ოთხი წელია არ მოუგია. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები