სხვადასხვა

 2019/06/09 18:35

სხვადასხვა
იტალია და რუსეთი მედლებისთვის ვეღარ იბრძოლებენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩინეთში საკალათბურთო ზეიმი გრძელდება. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდი საინტერესო შეხვედრებით დაიწყო და ცნობილი გახდა ის 4 გუნდი, რომელიც ფლეი-ოფში იასპარეზებს.

I ჯგუფში ერთმანეთს პოლონეთი და რუსეთი დაუპირისპირდნენ. პოლონელები გამარჯვების შემთხვევაში ფლეი-ოფში მოხვდებოდნენ, ხოლო რუსები თავის მხრივ, შანსებს შეინარჩუნებდნენ. ბაზარევიჩის შეგირდებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და რუსებმა პირველი ტაიმი სრულად ლიდერის ამპლუაში გაატარეს. ერთი პერიოდი სხვაობა 11 ქულამდეც გაიზარდა. მათი უპირატესობა მესამე მეოთხედშიც შენარჩუნდა, მაგრამ პოლონელებმა ჩამორჩენის შემცირება დაიწყეს და დასკვნითი ათწუთეულის სტარტზე წინაც გავიდნენ – 61:58. საბოლოოდ დარჩენილ დროში ლიდერი აღარ შეცვლილა. რუსებმა მაქსიმუმი შეძლეს და ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა – 74:79.

ამავე ჯგუფში მეორე მეოთხედფინალისტი არგენტინაა, რაც მოულოდნელი არც გახლდათ. მათ ვენესუელას ყველა მეოთხედი მოუგეს და 20-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს – 87:67. შესაბამისად, პოლონეთსა და არგენტინას მაქსიმალური (8) ქულა აქვთ, ხოლო ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს პირველი ადგილისთვის შეხვდებიან.

პარალელურად J ჯგუფის მატჩები გაიმართა და მსგავსი სცენარით წარიმართა. იმ გუნდებმა იმარჯვეს, რომელთაც წაგება არ ჰქონდათ და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდეს. ჯერ სერბეთმა პუერტო რიკოს 90:47 მოუგო, ხოლო შემდეგ ესპანეთმა დაბალშედეგიან შეხვედრაში იტალიას სძლია – 67:60. იტალიელებმა ბევრი იბრძოლეს, პირველ მეოთხედში 10 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ ვეღარაფერი შეძლეს. სერხიო სკარიოლოს შეგირდები ბოლო ტურში სერბეთს შეხვდებიან. ფლეი-ოფში, ამ წყვილში გამარჯვებული არგენტინა-პოლონეთს შორის დამარცხებულს შეხვდება.

ხვალ უფრო საინტერესო და დაძაბული მატჩები გველის. ფლეი-ოფში ადგილის განაღდებას აშშ, საფრანგეთი, ავსტრალია და ბრაზილია შეეცდებიან. ამ უკანასკნელ ორ ნაკრებს შედარებით სუსტი მეტოქეები, დომინიკის რესპუბლიკისა და ჩეხეთის სახით, ჰყავთ. რაც შეეხებათ ამერიკელებს, ისინი იანის ანტეტოკუმპოსა და კამპანიას დაუპირისპირდებიან, ხოლო ფრანგები ლიეტუვას შეხვდებიან და იმოდევნობონ რომ გასული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგს გაიმეორებენ. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები