ნაკრებები

 2018/30/11 18:14

ნაკრებები
ისრაელმა სერბეთის ძლევით ჩამოგვიტოვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მეორე ეტაპის მორიგი ტური გაიმართა. ჩვენმა უშუალო კონკურენტმა ისრაელმა საკუთარ კედლებში სერბეთი მიიღო და 83:74 დაამარცხა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლიდერი 17-ჯერ შეიცვალა. პირველ მეოთხედში სტუმრები 20:14-ს იგებდნენ, როდესაც ისრაელმა 13:0 გაქცევა განახორციელა და 29:24 მოიგო. მეორეში სერბეთმა ლიდერობა დაიბრუნა და ტაიმი 45:43 მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ მათი უპირატესობა გარკვეული დროის განმავლობაში ძალაში რჩებოდა. მაგრამ ისრაელმა მორიგი გაქცევით წინ გასვლა შეძლო. გადამწყვეტი მეოთხედის წინ სერბეთი 60:59-ს იგებდა. თამაშის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე ანგარიში 74:74 იყო, როდესაც მასპინძლებმა ზედიზედ 9 ქულა ჩააგდეს და შეხვედრა 83:74 მოიგეს.

მასპინძელთა მხრიდან, 18 ქულით საუკეთესო პნინი იყო. 14 ქულა კი, ჯეიკ კოენის ანგარიშზეა. სერბებს 17 ქულით დრაგან მილოსავლევიჩმა ულიდერა. 13 ჰქონდა მარკო სიმონოვიჩს. 

ჩატარებული 9 თამაშის შემდეგ, ისრაელს 4 მოგება და 5 მარცხი აქვს, რითაც მე-4 პოზიციას იკავებენ. სერბებს საპირისპირო მაჩვენებელი აქვთ, რითაც მესამე პოზიციაზე არიან.

დღეს L ჯგუფის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება. ჩვენი ეროვნული ნაკრები ბოლოადგილოსან ესტონეთს ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში ისრაელს ქულებით გაუთანაბრდება, ხოლო სერბეთს 1-ით ჩამორჩება. შეხვედრა 21:00 საათზე გაიმართება.

ამავე დროს ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი ნაკრები, საბერძნეთი და გერმანია შეხვდებიან და რომელიმე მათგანი პირველ მარცხს იგემებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები