თასი

 2018/25/11 19:20

თასი
ისევ გმირი კვასხვაძე. ტორპედო საქართველოს თასის გამარჯვებულია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

გაგრა - ტორპედო ქუთაისი 2:2 

ბათუმი. ანგისა

1:0 სპანდერაშვილი (37)  2:0 ხაბელაშვილი (49)  2:1  ლაჩნი (75) 2:2 ლაჩნი (90პ) 

პენალტების სერია: 1:0 კობახიძე 1:1 კაკიაშვილი 2:1 წიქარიძე 2:1 კასრელიშვილი (კარს ააცილა) 3:1 გეგეჭკორი 3:2 თ.გაფრინდაშვილი 4:2 ლაჩნი 4:2 სულთანიშვილი (მეკარემ მოიგერია).

 

გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი, სამხარაძე (110. ივანიაძე), თ. გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი (81. კასრელიშვილი), ხაბელაშვილი (87. ლომსაძე), სულთანიშვილი, გ.გაფრინდაშვილი, კაკიაშვილი, სპანდერაშვილი (65. მათიაშვილი), კილაძე. 

ტორპედო ქუთაისი: კვასხვაძე, ხურცილავა, ცინცაძე (92. კუხიანიძე), კაპანაძე (46.დაფე), აზაცკი, გეგეჭკორი, კუტალია, დოლიძე, ქიმაძე (54. ლაჩნი), კობახიძე, გიგაური (71. წიქორიძე). 

გაფრთხილება:  ცაცკრიალაშვილი (10)  ხურცილავა (62) კუტალია (65) ხაბელაშვილი (72) მათიაშვილი (90) ხურცილავა (105).

გაძევება: ხურცილავა (105) 

ზედიზედ მესამე წელი ტიტულით. ქუთაისის ტორპედო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულია.  ფინალურ შეხვედრაში ქუთაისელები საფეხბურთო კლუბ გაგრას დაუპირისპირდნენ და მორიგი შთამბეჭდავი ქამბექიც შემოგვთავაზეს.   ტორპედოს დღევანდელი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ამჯერადაც, გუნდის კაპიტანი როინ კვასხვაძე გახლდათ, რომელმაც 11-მეტრიანების სერიაში გადამწყვეტი დარტყმულის მოგერიება შეძლო. 

კახა ჩხეტიანის გუნდი აღნიშნულ შეხვედრას 20- მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა და აქამდე ჩატარებულ, თითქმის, ყველა შეხვედრაში ქუთაისელები ბევრად აღემატებოდნენ სხვა გუნდებს, მაგრამ დღევანდელი მატჩის პირველ ნახევარში ყველაფერი პირიქით მოხდა.  დენის ხომუტოვის ფეხბურთელებმა ტაქტიკურად, აშკარად დაჩაგრეს დღევანდელი მეტოქე.  თითქმის, ყველა ფიზიკურ ორთაბრძოლაში გამარჯვება გაგრელებს დარჩათ,  მაგრამ ისინი პირველ ნახევარში ძალიან მაღალ ტემპში მოქმედებდნენ და მთელი მატჩის ამ ტემპში ჩატარება ძალიან უნდა გაჭირვებოდათ. ასეც მოხდა. 

შეხვედრაში პირველი რეალური საგოლე მომენტი ტორპედოს ჰქონდა. როინ კვასხვაძის გრძელი პასის შემდეგ,  გიორგი გაფრინდაშვილი პოზიციურად შეცდა და გრიგოლ დოლიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ტორპედოს მარცხენაფლანგელმა კარს ააცილა. ამის შემდეგ, გაგრამ ბურთი დაიჭირა და მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. გაგრელთა საუკეთესო ბომბარდირმა, რატი ცაცკრიალაშვილმა, ძალიან ტექნიკურად იმოქმედა და ნუგზარ სპანდერაშვილი მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა, რომელმაც დაბალ შორეულ კუთხეში გაუტანა როინ კვასხვაძეს.  

ქუთაისელთა პრობლემებს ისიც დაემატა, რომ ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ტრავმა მიიღო და პირველი ნახევრის შემდეგ, შესაცვლელი შეიქნა ქუთაისელთა საუკეთესო ბომბარდირი თორნიკე კაპანაძე. 

მეორე ნახევარი ტორპედოსთვის კოშმარულად დაიწყო.  რატი ცაცკრიალაშვილის თავური დარტყმის შემდეგ, როინ კვასხვაძემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი აშკარა გოლსიგან იხსნა. მაგრამ ამ ეპიზოდს უგოლოდ მაინც არ ჩაუვლია. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ტორპედოს მცველებს საჯარიმოში ივანე ხაბელაშვილი უმეთვალყურეოდ დარჩათ და მასაც გატანა აღარ გასჭირვებია. 

ამის შემდეგ, გაგრამ უკან დაიხია. ბურთი და სათამაშო ინიციატივა ტორპედოს დაუთმო.  ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს. გაგრელები საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს და მილოშ ლაჩნიმ გატანაც მოახერხა. 

ბოლო ხუთი წუთი ტორპედომ ნამდვილი შტურმი მოუწყო მეტოქეს  და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს 11-მეტრიანის  დარტყმის უფლებაც მოიპოვა. გრიგოლ დოლიძის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი გიორგი გაფრინდაშვილს ხელზე მოხვდა და დღევანდელი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვადაჭკორიამ, პენალტი დანიშნა. პენალტი ზუსტად მილოშ ლაჩნიმ შეასრულა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. 

გაგრას მთავარმა მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა ანგარიშის 2:0-ზე შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი, რისთვისაც დაისაჯა კიდეც. მეორე ნახევრის 70-ე წუთიდან მოყოლებული, გაგრას კონტრთამაში აღარ ჰქონია. 

დამატებით დროში ქუთაისელები ბურთს კვლავაც აკონტროლებდნენ, მაგრამ დიდი ძალებით შეტევაში წასვლას ვერ რისკავდნენ. დამატებით დროში ერთადერთი  სახიფათო მომენტი თენგიზ წიქარიძეს ჰქონდა, რომლის შორეული დარტყმაც ძელს მოხვდა.  შეხვედრის 105-ე წუთზე კი, მეორე ყვითელი ბარათისთვის, მსაჯმა დავით ხურცილავა გააძევა.  

დამატებით დროში მეტი საინტერესო აღარაფერი მომხდარა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. ე.წ. „საფეხბურთო ლატარეაში“  უკეთ ქუთაისელი ფეხბურთელები გაისარჯნენ. მატჩის გმირად, კვალვ, როინ კვასხვაძე იქცა, რომელმაც 11-მეტრიანების სერიაში  ერეკლე სულთანიშვილის გადამწყვეტი პენალტი მოიგერია. 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები