ფარიკაობა

 2019/02/04 23:46

ფარიკაობა
ირმა ხეცურიანი: მთავარია, რწმენა არ დაკარგო და დაყოველთვის გჯეროდეს საკუთარი თავის
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მეთხუთმეტედ გახდა მსოფლიო თასის გამარჯვებული. ირმა უკვე 16 წელიარაც ეტლში ზისთუმცა, ამის მიუხედავად, აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ეწევა. ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენია და ბევრი ადამიანისთვის იძლევა მაგალითს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

Sport24 ირმას დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 

– ირმა, 18 წლის ასაკში ძალიან  მძიმე დიაგნოზი დაგისვეს. ფაქტობრივად, თავიდან დაიწყეთ ცხოვრება. რამდენად გაგიჭირდათ გააზრება, რომ ფეხზე ვერ გაივლიდით

– 18 წლის ვიყავი, როდესაც ექიმებმა ზურგის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ამასთან, ის სწრაფად იზრდებოდა. შესაბამისად, საჭირო იყო სასწრაფო ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა, ფატალური შედეგი დამდგარიყო. საერთოდ დავკარგე მარჯვენა ფეხში მგრძნობელობა და ექიმებმა გვირჩიეს, კარგი ნეიროქირურგი გვენახა ოპერაციისთვის. თბილისში ბატონი თამაზ კერძევაძე ვიპოვეთ, რომელმაც საკუთარი შვილივით მიმიღო და როგორც მეუბნებოდნენ, ოპერაციასაც განსაკუთრებული სიყვარულით აკეთებდა. შედეგი გარდაუვალი იყო და ისიც დადგა – დღეს ეტლში ვარ. უკვე მეთექვსმეტე წელია, რაც ეტლით ვსარგებლობ.

– შანსი არის, რომ ფეხზე დადგეთ?

– არ ვიცი, რამდენად არის ამის შანსი, თუმცა, მგონია, რომ ის ყოველთვის არსებობს, თუ ადამიანს რწმენა აქვს. ყველაზე მთავარია, თავად გჯეროდეს ამის.

– თქვენთვის ძალიან მძიმე გადასატანი იქნებოდა აფხაზეთიდან დევნილობის ფაქტორიც. ის, რომ ერთ დღეს იღვიძებ და პრაქტიკულად, არაფერია შენ გარშემო. 

– მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ამას, მაგრამ როცა გავიზარდე და ყურს ვუგდებდი ჩემი მშობლების, ახლობლების მონაყოლს, ნელ-ნელა ვხვდებოდი, რა დავკარგეთ. ძალიან მძიმეა, როდესაც მოიხედავ, საერთოდ ყველაფრის გარეშე რჩები და საკუთარ ქვეყანაშივე ცხოვრობ დევნილის სტატუსით. 

გამოვიარე ძალიან ბევრი გაჭირვება. სკოლაში იყო ბულინგი ბავშვების მხრიდან – შენ  „ჩამოთრეული“ ხარ, ღატაკი და ა.შ. 

 ახლა თქვენს სპორტულ კარიერასაც შევეხოთ. როგორც ვიცით, შემთხვევით მოხვდით ფარიკაობაში.

– 2013 წელს საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტში მენეჯერის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ადამიანთა ჯგუფს საქართველოში, სურდა პარაფარიკაობის განვითარება. თავიდან უარი განვაცხადე, მაგრამ როდესაც დარბაზში მივედი, ყველაფერი გადაწყდა. ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მეგობრული გარემო დამხვდა და საბოლოოდ, გავყევი კიდეც ამ სპორტს. 

– მეთხუთმეტედ მოიგეთ მსოფლიო თასი და ბოლო პერიოდში საკმაოდ დამაჯერებლად გამოდიხართ შეჯიბრებზე. თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

– როგორც ახსენეთ, მეთხუთემეტედ მოვიგე მსოფლიო თასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოლიმპიური ლიცენზიების წელია. ამ ეტაპზე, საკმაოდ კარგი ქულები მაქვს და ერთ-ერთი მოწინავე ვარ. ვემზადები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისთვის, რომელზეც მინიმუმ, მედალს ვგეგმავ. 

რაც შეეხება ოლიმპიადას, აქ საკმაოდ მაღალი თამასაა, გასულ პარაოლიმპიადაზე ზვიად გოგოჭურის ოქროს მედლის შემდეგ. მომავალ წელს მე და ზვიადი ერთად ვიქნებით ტოკიოში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ორი ოქროთი დავბრუნდებით საქართველოში.   



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები