ასაკობრივი ნაკრები

 2019/30/06 01:45

ასაკობრივი ნაკრები
იოანე იაშაღაშვილი: ჩემი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ორი გამარჯვებითა და სამი მარცხით, მეათე ადგილზე დაასრულა და ზედიზედ მეოთხედ შეინარჩუნა ადგილი ელიტურ 12 გუნდში.

ჩვენი გუნდის რიგებში ბევრი საინტერესო მორაგბე გამოჩნდა. განსაკუთრებით საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი, იოანე იაშაღაშვილი უნდა გამოვყოთ, რომელმაც ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მსოფლიო რაგბიმ მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა. 

Sport24 იოანეს დაუკავშირდა და ტურნირის შეფასება სთხოვა:

– ვფიქრობ, ჩვენს გუნდს გაცილებით მეტის პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში გამოუცდელობამ იჩინა თავი. თითქმის ყველა შეხვედრაში პირველი ტაიმი ჩავაგდეთ. ამასაც გამოუცდელობას დავაბრალებდი. მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულები გამოვდიოდით მოედანზე, განსაკუთრებით ფიჯისთან და შედეგიც უკეთესი იყო. 

იტალია ჩვენთვის ძალიან პრინციპული მეტოქეა და რა თქმა უნდა, გამარჯვება გვსურდა, მაგრამ წინა ოთხი მატჩი ფიზიკურად ძალიან რთული გამოვიდა და დროის მცირე პერიოდში ძალების აღდგენა ვერ მოვასწარით. 

ამ ტურნირზე ბევრი მოთამაშე ვიყავით, ვისთვისაც ეს პირველი ტურნირი იყო და გამოცდილება არ გვქონდა. მომდევნო წელს კი, ისეთ ჯგუფში მოვხდით, ვფიქრობ, წინა წლებთან შედარებით უკეთესი შანსი გვექნება ჯგუფიდან გავიდეთ. 

რაც შეეხება ჩემს თამაშს, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში ხვდები, მაგრამ  ჩემი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. მომავალში შევეცდები უფრო მეტი ვიმუშავო საკუთარ თავზე.

შეგახსენებთ, იოანემ ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ ბაიოანთან გააფორმა კონტრაქტი და მომავალი სეზონიდან მსოლფიოს ერთ-ერთ საუკეთესი ლიგაში ითამაშებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები