ლეგიონერები

 2019/01/02 21:09

ლეგიონერები
ირაკლი ბუღრიძე: იმედი მაქვს მალე ძირითადის ფეხბურთელი ვიქნები
ავტორი
გოგა წურწუმია

საჩხერის ჩიხურას ყოფილი ფეხბურთელი, ირაკლი ბუღრიძე, ბეერსხოტში ასპარეზობს, რომელიც ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის და ჩემპიონატის ლიდერია. ჩვენებურმა ახალ კლუბში არსებულ სიტუაციაზე Sport24-თან ისაუბრა:

– გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. პირველივე დღიდან კარგად მიმიღეს და ადაპტაციაც არ გამჭირვებია.  ბეერსხოტში მეგობრული გარემოა, რაც საბოლოოდ, მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. 

უმაღლესში დაბრუნების რეალური შანსი გვაქვს. თუ ასე დამთავრდა ჩემპიონატი, მეხელენთან ფინალური თამაში გვექნება და გადაწყდება უმაღლესში გადამსვლელის ვინაობა. 

უნდა ითქვას, რომ ეროვნულ ლიგასა და პროქსიმუს ლიგას შორის განსხვავება დიდია: სისწრაფეები, თამაშის ტემპი, ფიზიკური მომზადება და რაც მთავარია მაყურებლები – თითქმის ყველა თამაშზე სტადიონი ივსება, რაც დონეს საკმაოდ მაღლა წევს. ინფრასტრუქტურაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, ყველაფერ უმაღლეს დონეზეა კლუბში.

რაც მთავარია, მწვრთნელი მენდობა და ჩემი იმედი აქვს. ხშირად ცალკე მიტარებს ვიდეო ანალიზს, თუ როგორ სურს ვითამაშო და გუნდის თამაშის სტილი მალე ავითვისო. ასე რომ, დიდი იმედი მაქვს მალე ძირითადის ფეხბურთელი ვიქნები.

ბელგია და ქართველები

ბელგიაში ქართველების მიმართ საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვთ. ჩაკვეტაძეს და ქვილითაიას ჯერ არ შევხვედრივარ, მაგრამ ეს საკითხიც მალე მოგვარდება. 

მიზანი

ჯერჯერობით კარგ გუნდში, პროფესიონალურ გარემოში ვარ, რაც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის მთავარი იყო. მიზანი კი, საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები