ტესტები

 2018/03/11 20:58

ტესტები
ინგლისელებმა „ქურციკები" ისტორიაში პირველად დაამარცხეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

სარაგბო ნოემბერი საინტერესო მატჩებით დაიწყო. ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონში, მსოფლიო რაგბის მექაზე, თვიქენჰემზე გამართული შეხვედრა იწვევდა, რომელშიც ინგლისი სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბულ, მწირ ქულიან შეხვედრაში 12:11 დაამარცხა.  ეს ამ გუნდების, მხოლოდ, მეოთხე დაპირისპირება იყო და  ინგლისელებმა პირველად მოახერხეს „ქურციკების“ დამარცხება. 

მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა. ორივე გუნდი ძირითად აქცენტს შერკინებაზე  აკეთებდა და  თამაშის გაშლას ვერცერთი რისკავდა.  დღევანდელ შეხვედრაში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ აფრიკელთა ძალიან არადამაჯერებელი თამაში დერეფანში, რამაც საბოლოოდ მატჩის შედეგზეც იქონია გავლენა.  საწყის წუთებში გუნდებმა  ჯარიმები გაცვალეს. ადრე პოლარის ზუსტ საჯარიმო დარტყმას, ზუსტი ჯარიმითვე ოუენ ფარელმა უპასუხა. მატჩის 32-ე წუთზე კი, აფრიკელებმა მეტოქის კაცნაკლულობა კარგად გამოიყენეს. მარჯვენა ფრთა ბოლომდე ამოწურეს და მკოსიმ დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი ლელო დაამიწა. 

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა და მატჩმაც საკმაოდ მოსაწყენი სახეც მიიღო. ოუენ ფარელმა  საკუთარ მონაგარს კიდევ ორი საჯარიმო დარტყმა შემატა.  მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. რაქში თამაშგარეს წესის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ და პოლარმაც საკუთარი გუნდი არ დააღალატა. 

72-ე  წუთზე კი,  ოუენ ფარელმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ინგლისს აფრიკელებთან პირველი გამარჯვება მოაპოვებინა.  ბოლო წუთებში, ანდრე პოლარს ჰქონდა შანსი მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ სამხრეთ აფრიკელთა მგეზავმა ბურთი ძელს გაარტყა. 

საბოლოოდ, 12:11  ინგლისის სასარგებლოდ და „ერთი შეცდომის“ თამაშში  ედი ჯოუნსის ბიჭებმა  იმარჯვეს. 

ნოემბრის ტესტ სერიის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრებში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა. 

იაპონია - ახალი ზელანდია 31:69 

რუმინეთი  - კენია 36:5 

უელსი - შოტლანდია 21:10 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები