სუმო

 2019/18/06 21:54

სუმო
იაპონიაში დარჩენა? – არა, რადგან ჩემი საქართველო მომენატრა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ჟურნალისტებს, საქართველოს სუმომანთა კლუბის წევრებს და გულშემატკივრებს შეხვდა. ლევანმა მათ კითხვებს უპასუხა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ჩვენ ლევანთან მცირე ინტერვიუს ჩაწერაც მოვახერხეთ, რომელშიც ქართველმა გოლიათმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

– ლევან, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ოძეკის წოდების დაბრუნებას და ასევე, ძალიან დიდი მადლობა იმ ზღვა სიხარულისა და ემოციებისთვის, რაც მოგვანიჭეთ. როგორ შეაფასებდით განვლილ ბაშოს? 

– ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. 14 წლის წინ, 17 წლის ასაკში წავედი პირველად იაპონიაში და მაშინ დაიწყო ჩემი, როგორც რიკიშის კარიერა. თავდაპირველად, ძალიან რთული ჩანდა ქართველი კაცისთვის იქაური ადათ-წესებით ცხოვრება. უნდა გქონდეს ჩონმაგე (სუმოისტებისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობა), მუდმივად უნდა გეცვას კიმონო, შორს ხარ შენი ოჯახისგან, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაბიჯი გადამედგა და ერთი წამით არ ვნანობ მას.

ჩემს კარიერაში იყო ბევრი ძალიან რთული პერიოდი, მძიმე ტრავმა, რის გამოც, ბანძუკეში (რეიტინგი) ძალიან დავქვეითდი და რანგით მესამე მაკუშიტა დივიზიონშიც ჩავვარდი, მაგრამ უფლის წყალობით, შევძელი ელიტაში დაბრუნება და საკმაოდ ხმაურიანადაც. 

რაც შეეხება განვლილ ბაშოს, ოძეკის წოდების მიღების შემდეგ, არ მეღირსა კარგ ფორმაში დოჰიოზე გამოსვლა. იყო ტრავმები და საბოლოოდ, დავკარგე წოდებაც. ამ ბაშოსთვის კი, თავიდანვე დიდი ენთუზიაზმით ვემზადებოდი, რომ კიდევ ერთხელ გამეხარებინა ჩემი ქვეყანა და დამებრუნებინა ეს წოდება. ბაშო კარგად დავიწყე და 10 დღის შემდეგ, ჩემპიონობის რეალური შანსიც მქონდა, მაგრამ ენდოსთან ბრძოლაში მუხლის ტრავმა მივიღე, მენისკი გამიწყდა, რის გამოც, ბაშოს ბოლო ბრძოლები ვერ წამივიდა ისე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. ბოლო ორი ბრძოლა იოკოძუნა კაკურიუსთან და ოძეკი ტაკაიასუსთან მქონდა დარჩენილი და ბევრი ორივე ბრძოლაში წაგებას მიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ შევძელი მონღოლი იოკოძუნას დამარცხება და ჩემს მიზანს მივაღწიე. 

–  ასანოიამასთან ბრძოლაზეც აუცილებლად უნდა გკითხოთ. ნათლად ჩანდა, რომ შიმპანებმა ძალიან უხეში შეცდომა დაუშვეს, რითაც ბაშოზე ჩემპიონობის შანსი დაგაკარგვინეს.

– კი, ნამდვილად იყო შეცდომა დაშვებული, რომელიც შემდეგ თავადაც აღიარეს. ამასაც გამბედაობა და ვაჟკაცობა უნდა, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის.  მე ვერ ვიტყოდი, რომ მარტო შიმპანების ბრალია ეს წაგება. უფრო ჩემი, ალბათ, რადგან ისე ვერ წარვმართე ჭიდაობა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, ტაქტიკურად მაჯობა მეტოქემ. 

  ქართულ პრესაში საკმაოდ ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ნაცუ ბაშოს სენშურაკუზე (ბოლო დღე) აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაინტერესდა თქვენი ვინაობით და განსაკუთრებით, თქვენმა ბრძოლამ მოხიბლა. ამაზე რას გვეტყვით? 

–  მოგეხსენებათ, იაპონიაში ახალი ეპოქა დაიწყო. აირჩიეს ახალი იმპერატორი და დაიწყო რეივას ეპოქა.  გასული ნაცუ ბაშო რეივას ეპოქის პირველი ბაშო იყო. სუმოს ასოციაცია ნახევარი წელი ელოდებოდა, რომ ამ ბაშოზე  დონალდ ტრამპი ესტუმრებოდათ. მეც წავიკითხე ეს სტატიები და სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რამ გამოიწვია მისი ჩემდამი ინტერესი. შესაძლოა, როდესაც „ჯორჯია" გამოაცხადეს, აშშ-ის შტატიდან ვეგონე. 

–  ლევან, 14 წელია, რაც სუმოში ხართ და ამხელა წარმატებას მიაღწიეთ. თუმცა, თქვენი და გაგამარუს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სუმოს პიონერს, ლევან ცაგურიას (კოკაის). თქვენს კარიერაში მის წვლილზე რომ ვისაუბროთ.

 ძიუდოისტობისას, კოკაის საერთოდ არ ვიცნობდი. ლევანის ძმასთან ძალიან ახლოს ვიყავი და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ის ცდილობდა, დავეინტერესებინე ამ სპორტით. ორჯერ გავხდი სამოყვარულო სუმოში მსოფლიო ჩემპიონი და როდესაც უკვე იაპონიაში პროფესიონალურ სუმოში ვაპირებდი წასვლას, მან ზუსტად ეს სიტყვები მითხრა: წადი, თუ გაუძლებ! – მაშინ ცოტა მეუცნაურა მისი ეს სიტყვები, რისთვის მომიწევდა გაძლება, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები და აგერ 14 წელია ვუძლებ. 

– ლევან, თქვენი და გაგამარუს წარმატების შემდეგ, უკვე, თითქმის, ყველა ქართველი ერკვევა სუმოში. ყველამ იცის ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: მავაში, დოჰიო, ბანძუკე, ნაკაბი, სენშურაკუ და ა.შ  თუ გრძნობთ შორეულ იაპონიაში ჩვენს მხარდაჭერას? 

– სპორტსმენი არაფერია გულშემატკივრის გარეშე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, არაერთი ადამიანი მიწერს კომენტარებს, მწერს პირად შეტყობინებებს და დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ მათგან. უბრალოდ, ძალიან რთულია ჩვენი ცხოვრება. ყოველ ორ თვეში ტურნირი, მერე ვარჯიშები და მართლა ვერ ვახერხებ ზოგისთვის პასუხის გაცემას, რისთვისაც მინდა, ბოდიში მოვიხადო. 

–  ივლისში გაიმართება მომდევნო ბაშო ნაგოიაში. როგორც ახსენეთ, მუხლზე მცირე ტრავმა მიიღეთ. ამ ეტაპზე როგორ გრძნობთ თავს და რა იქნება ნაგოია ბაშოზე თქვენი მიზანი? 

– მუხლზე ჯვარედინი მყესები საერთოდ აღარ მაქვს, რასაც მენისკის პრობლემაც დაემატა. ამ ეტაპზე თავს ნორმალურად ვგრძნობ და შევეცდები, კარგად წარვსდგე მომდევნო ტურნირზე. ტრავმა მაქვს, მაგრამ ქართული ღვინო დამატებით ძალას მაძლევს. 

სხვათაშორის, წელს იაპონიაში პირველად ჩატარდა ქართული ღვინის დღეები. თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩემი წარმატების შემდეგ, ყველამ გაიგო, რომ საქართველოდან ვარ და უფრო ახლოს სურთ ამ ქვეყნის გაცნობა. ქართული ღვინოც ძალიან მოეწონათ და მინდა გითხრათ, რომ ქართულ ღვინოს არაფერი შეედრება. 

– ბოლოს, თქვენ ახსენეთ, რომ მალე კარიერის დასრულებაზეც იფიქრებთ. ხომ არ აპირებთ, რიკიშობის დასრულების შემდეგ, იაპონიაში და სუმოში დარჩენას?

– იაპონიაში დარჩენა? – არა, რადგან ჩემი ქვეყანა მენატრება, ჩემი სოფელი, ჩემი ხალხი მენატრება. ქართველი კაცი ვარ. მინდა, ჩემს საქართველოში ვიცხოვრო და ჩემ საყვარელ ხალხს მოვეფერო.    

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები