სხვადასხვა

 2019/07/09 18:29

სხვადასხვა
იანისმა საბერძნეთს ვერ უშველა, ლიეტუვას მცირედი დააკლდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დასრულდა საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდის პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები, რის შედეგადაც ფლეი-ოფის მორიგი 3 მონაწილის ვინაობა გაირკვა.

L ჯგუფი ავსტრალიისა და დომინიკის რესპუბლიკის შეხვედრით დაიწყო. ლემანისის შეგირდებს პირველ ეტაპზე ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდათ და მორიგი გამარჯვებით ფლეი-ოფში გავიდოდნენ. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. დომინიკელთა დიდი წინააღმდეგონის მიუხედავად, ავსტრალიელებმა 82:76 იმარჯვეს და 1/4 ფინალში გავიდნენ. ამავე ჯგუფში საფრანგეთსა და ლიეტუვას შორის უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. ლიეტუველებს მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდათ. ფრანგები თითქმის მთელი მატჩი ლიდერობდნენ და სხვაობა 17 ქულასაც შეადგენდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში ადომაიტისის შეგირდებმა რამდენჯერმე ლიდერობა მოიპოვეს. 14 წამით ადრე ნანდო დე კოლომ საჭირო ორი ქულით ფრანგები 3 ქულით დააწინაურა, რასაც მეტოქის არაზუსტი სამიანი მოჰყვა –78:75. შესაბამისად, საფრანგეთი და ავსტრალია დაუმარცხებელია, ხოლო მეორე შეხვედრაში ეს ორი ნაკრები პირველი ადგილისთვის შეერკინება.

K ჯგუფი ერთადერთია, რომელშიც გასათამაშებელი ფლეი-ოფის უკანასკნელი საგზური დარჩა. ამის მთავარი მიზეზი ჩეხეთის ბრაზილიასთან უმარტივესი გამარჯვებაა. ევროპელთა ასეთ ლაღ და მარტივ მოგებას არავინ მოელოდა, მაგრამ მათ მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ლიდერობა მთელი შეხვედრის განმავლობაში შეინარჩუნეს – 93:71. იანის ანტეტოკუმპოსა და საბერძენთს ურთულესი მისია ჰქონდათ – აშშ-ს დამარცხება. ბერძნებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაიბრძოლეს და დარჩენ დროში ამერიკელებმა გამარჯვებას მარტივად მიაღწიეს – 69:53. გრეგ პოპოვიჩის შეგირდები უდანაკარგოდ არიან და ფლეი-ოფში ითამაშებენ. მეორე საგზურს ბრაზილია და ჩეხეთი გაინაწილებენ. 

ხვალ, მეორე ეტაპის მორიგი თამაშები გაიმართება, სადაც ჯგუფებში საბოლოო ადგილები გადანაწილდება. პირველობისთვის ერთმანეთს პოლონეთი-არგენტინა და ესპანეთი-სერბეთი შეეცილებიან. პირველი შეხვედრა 16:00, ხოლო მეორე 16:30 საათზე დაიწყება. მანამდე კი, 12:00 საათზე ვენესუელა რუსეთს შეხვდება, ნახევარ საათში კი, პუერტო რიკო იტალიას დაუპირისპირდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები