ეროვნული ლიგა 2

 2019/13/07 17:59

ეროვნული ლიგა 2
იაგო დეისაძე: მთავარი ბრძოლები წინაა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

CRYSTALBET ეროვნულ ლიგა 2-ში საზაფხულო შესვენებაა. ჩემპიონატის ნახევარი უკვე მიილია და ის გუნდებიც გამოიკვეთა, რომლებიც მიმდინარე სეზონში უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძოლებენ. 

18 ტურის შემდეგ, გათამაშებას 42 ქულით, თბილისის მერანი ლიდერობს. მერანი  საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მისი წარმატების მთავარი შემოქმედნიც ეს მოთამაშეები არიან. თბილისელთა რიგებში, განსაკუთრებით, იაგო დეისაძე უნდა გამოვარჩიოთ. 31 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და CRYSTALBET ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. ამასთან, ის ჩემპიონატის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 

Sport24 იაგოს დაუკავშირდა და მიმდინარე სეზონში კლუბის გამოსვლასა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. 

 იაგო, CRYSTALBET ეროვნულ ლიგა 2-ში  გათამაშების ნახევარი უკვე მიილია და თბილისის მერანი ჩემპიონატს საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობს. როგორ შეაფსებთ მიმდინარე სეზონში გუნდის გამოსვლას? 

– თბილისის მერანი საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. მათ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. სწორედ ისინი წარმოადგენენ მერანის ძირითად ბირთვს. ასევე, გვყავს საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეები და ძალიან კარგი მწვრთნელი. გუნდის წარმატება მთლიანი კოლექტივის სწორი მუშაობის შედეგია. 

შარშანდელ სეზონშიც ახლოს ვიყავით უმაღლეს დივიზიონში გადასვლასთან, მაგრამ ცოტა დაგვაკლდა. წელს კი, კარგად ვასპარეზობთ. უახლოეს მდევარს 10 ქულით ვასწრებთ და ეს უპირატესობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, ვფიქრობ, ჯერ არაფერია გარკვეული და მთავარი ბრძოლები წინ გველის. 

– ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი თამაშია დარჩენილი (სრული ორი წრე). ვის მიიჩნევთ დარჩენილ მატჩებში მერანის მთავარ კონკურენტად? 

– წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი ლიგა 2 ძალიან დაძაბულია. ერთდროულად, 5 გუნდს აქვს რეალური შანსი, უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოლოს. სამტრედია, შევარდენი 1906, თელავი, გაგრა – საკმოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდებია. 

– ახლა თქვენს სათამაშო ფორმაზე ვისაუბროთ. ძალიან მაგარ სეზონს ატარებთ. 15 მატჩში 10 გოლი გაიტანეთ და მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდით. თქვენს თამაშს როგორ შეაფასებთ მიმდინარე სეზონში?

–  ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. ფორვარდის უმთავრესი მისია გოლის გატანაა და ბედნიერი ვარ, რომ მერანის მაისურით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე, მაგრამ გუნდის წარმატება მხოლოდ ჩემი დამსახურებაა არაა. 

– თქვენს სამომავლო გეგმებზეც გკითხავთ. კლუბის გამოცვლას ხომ არ აპირებთ? 

ჯერჯერობით, ამ თემაზე არ მსურს საუბარი. ამჟამად, მერანში ვარ და მინდა, გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დავეხმარო. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები